პრო დე2-ის გადამწყვეტ მატჩში დამარცხებულმა „ბრივმა“ ტოპ 14-ში აღზევებისთვის  სხვა გზას დაადგა და ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „გრენობლს“ გადასასვლელ მატჩში დაუირისპირდა. ეს ახალი წესია, რომელიც საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ მიმდინარე სეზონიდან დანერგა. ბრივში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 28:22 იმარჯვეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნდნენ, ხოლო გრენობლელები ასევე ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდებიან პრო დ2-ს.

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და სასიამოვნოა, რომ ორივე გუნდის ქართველებმა მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ვასილ ლობჟანიძემ „ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. კარლენ ასიეშვილი ასევე სასტარტოში იყო და მოედანი 30-ე წუთზე დატოვა, როცა ირლანდიელმა მწვრთნელმა ჯერემი დევიდსონმა „ბრივის“ პირველი ხაზი მთლიანად გამოცვალა. ამან ასიეშვილის გრენობლელ ოპონენტს, ასევე ვეტერან ბორჯღალოსან დავით ქუბრიაშვილს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რადგან საწყის ნახევარ საათში კახამ დუდუ აშკარად დაჯაბნა. ასევე 30-ეზე შეცვლაზე შევიდა სოსო ბეკოშვილი – „ბრივის“ მარჯვენა ბურჯი, ხოლო „გრენობლში“ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, თუმცა მან მინდორზე მხოლოდ რვა წუთი გაატარა, ვიდრე რეფერი მას და ბეკოშვილს შერკინებაში წესების მესამედ დარღვევისთვის ყვითელი ბარათები არ აუფრიალა.

 სოსო დევიდსონმა აღარც დააბრუნდა, ხოლო ბექამ 10-წუთიანი გაძევების შემდეგ ბოლომდე ირაგბა და თავის გუნდში აშკარად გამოირჩეოდა. დაახლოებით იგივე დროს თამაშში ასიეშვილიც დააბრუნეს და აქ კი მან გუნდს ულიდერა. მრავანაცადი ბორჯღალოსანი სტატიკაშიც და დინამიკაშიც უბრალოდ შეუდარებელი იყო და მის მაგალითს მთელი გუნდი აჰყვა. ხოლო 64-ე წუთზე ჯერემი დევიდსონმა თამაშში თავისი ბოლო ჯოკერი ჩართო – ოთია გიორგაძე. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი თამაშში შემოსვლიდან 12 წუთში სოოტალა ფაასოოს გარღვევაში მიჰყვა და ახალზელანდიელის შეტევა ბურთის ატაცებითა და ლელოში შევარდნით დააგვირგვინა. ოთიას ამ ლელომ ბრიველები 28:15 დააწინაურა და „გრენობლს“ ორი გარდასახული ლელოს დასადებად დრო აღარ დაუტოვა. სტუმრებმა ერთი ლელო უკვე გაწითლებულ დროში გაქვითეს, რამაც საბოლოო ანგარიში 28:22 დააფიქსირა და მთლ ბრივს ზეიმის საბაბი მისცა.

სამწუხაროდ, დუდუ ქუბრიაშვილსა და ბექა გიგაშვილს მომავალ სეზონში პრო დ2 ელით. სამაგიეროდ „ბრივის“ სამომავალსეზონო განაცხადში ერთბაშად შვიდი (!) ქართველი იქნება, რაც არნახულია ტოპ 14-ის კლუბებისთვის. 2019/2020 წლების სეზონში „ბრივის“ ღირსებას დაიცავენ ბურჯები კარლენ ასიეშვილი და ლუკა ჯაფარიძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მესამეხაზელები ოთარ გიორგაძე და ირაკლი ცხადაძე, შერკინების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე. ეტყობა ჯერემი დევიდსონს ძლიერ მოსწონს ქართული რაგბი, მით უფრო, რომ ამ გუნდში მის ასისტენტად, კერძოდ კი შერკინების მწვრთნელად სახელოვანი ბორჯღალოსანი და „ბრივის“ ლეგენდა გოდერძი შველიძე მუშაობს. წარმატებები „ბრივს“!