გასული უქმეების შედეგებით, საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი შვებულებაში გავიდა და საფრანგეთის ჩემმპიონობისთვის ბრძოლას ორი ქართველიღა აგრძელებს: ვეტერანი დავით ზირაქაშვილი, ვინც სანაკრებო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე, რომელიც მილთონ ჰეიგს ბორჯღალოსნებში არასდროს გამოუძახებია. ისე მოხდა, რომ ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერც გურამ გოგიჩაშვილის „რასინგი” გავიდა და ვერც ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის „მონპელიე“.

„რასინგმა“ პარიზში „ლა როშელს“ უმასპინძლა და 13:19 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების 21 წლის პირველხაზელი გურამ გოგიჩაშვილი დედაქალაქელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, რაც არცთუ იოლი საქმე გახლდათ. მის წინააღმდეგ ჩრდილოელთა პირველ ხაზში მთელი 49 წუთი ხომ გოლიათი უინი ატონიო იდგა. მაგრამ ხაშურელმა ბურჯმა საფრანგეთის ნაკრების წევრს ტოლი არაფერში დაუდო, თუმცა მარტო გურამის გარჯა წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. აქვსენტი გიორგაძის მიერ მომზადებულმა შერკინებამ პარიზელებს მთლიანობაში აჯობა და შედეგიც ამან განაპირობა. „ლა როშელი“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც შაბათს გასვლით მატჩში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ „ტულუზს“ შეხვდება.

მეორე მატჩში „მონპელიეს“ იმედი გვქონდა, რომელიც ლიონში გასვლით მატჩს საკმაო ხანს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს, სამხრეთელებს მაგრად შეუტიეს და გადამწყვეტი ლელო-გარდასახვაც გაიტანეს. ბოლო წუთები „მონპელიეს“ შტურმში გაილია, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა – 21:16 „ლიონის“ სასარგებლოდ.

„მონპელიეს“ ძირითად 15-ეულში საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა იყო. ლევანი აშკარად საუკეთესო იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში და „მონპელიემ“ პირველ ტაიმში ორი დასარტყმელი ჯარიმა მისი ყოჩაღობის შედეგად მოიპოვა. ჩლაჩავა 53-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ „მონპელიელთა“ შეტევის ხაზმა პოზიციები დათმო, არადა მანამდე აბსოლუტურად ყველა დანიშნულ შერკინებაში სტუმრებმა ლიონელები ბავშვებივით გადათელეს. სულ ბოლო შტურმისას, 76 წუთზე ვერნ კოტერმა ქართველი ბურჯი მინდორზე დააბრუნა, მაგრამ „ლიონს“ თავისი თამაში უკვე ნაპოვნი ჰქონდა და ბოლო შეტევებსაც მარჯვედ გაუმკლავდა. „მონპელიეში“ 62-ე წუთზე კიდევ ერთი ბორჯღალოსანი გამოჩნდა – მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. ამრიგად, „ლიონმა“ მოიგო და მომავალ კვირას „კლერმონს“ ესტუმრება. ტოპ 14-ის ფინალი კი 15 ივნისს გაიმართება.

წილი
წინა სტატია237 კილომეტრი საათში
შემდეგი სტატიაპოგბა გაყოფილი სამზე
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.