„ლივერპულმა” ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი) და ზეიმიც დაიწყო! ეს ამბავი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” მოხდა, ფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. გოლები გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ.
მერსისაიდელთა მწვრთნელს იურგენ კლოპს სახეზე სიხარულთან ერთად შვებაც გამოეხატა. ეს იყო მისი პირველი ტროფი „წითლებთან” ერთად. და ეს იყო იმ სიმწარის გაბათილება, რომელიც ლივერპულელებმა ერთი წლის წინ იგემეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან” წააგეს.
და მთელი ეს ემოცია, მოედანზე თუ მოედანს მიღმა, ერთად ამოიფრქვა მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად. მას მერე, რაც ფანებმა ტრიბუნიდან ტრადიციული You’ll Never Walk Alone დააგუგუნეს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა თავის ინსტაგრამზე გამოფინა ის, რაც გასახდელში ხდებოდა.
„ლივერპულის” ფეხბურთელებმა და კლუბის თანამშრომლებმა ერთხმად დასცხეს ამ ბოლო დროს მოდაში შემოსული „ალე, ალე, ალე“. იმავდროულად ახალმოპოვებილ ჯილდოს აღმართავდნენ და აბურთავებდნენ.
შემდეგ, ოქსლეიდ-ჩემბერლენს ოპერატორის რანგში ენდი რობერტსონი შეუერთდა. მან ჩამოუარა თანაგუნდელებს და კბილებში გარჭობილი მედლები გადაიღო. გასახდელში გაიხსნა უამრავი შამპანური. „ალე, ალემ” კულმინაციას მიაღწია.
ეს ღრიანცელი რომ მორჩა წინა პლანზე გამოვიდა ვირჯილ ვან დიიკი, რომელმაც ირლანდიური ფოლკ-ჯგუფის The Dubliner-ის სიმღერა It’s a Dirty Old Town შემოსძახა, ოღონდ მას მელოდიის აშკარად თავისებური ვარიანტი ჰქონდა. სავარაუდოდ, უსმენობის გამო.
ვერ გეტყვით, როგორია ვან დიიკი სიმღერაში, მაგრამ ის დიდებული მცველია, რომელმაც „მერსისაიდელებს” 2018 წლის იანვრის შემდეგ მოედანზე დიდი ძალა შესძინა.
თანაგუნდელებმაც დააფასეს. მათ ერთხმად დაიწყეს მისი სახელის სკანდირება, რამაც ჰოლანდიელი ნამდვილად არ გააწითლა. პირიქით, ის ამ ქოროს დირიჟორობდა კიდეც.
„ლივერპულის” ჰიმნების შემდეგ „კამპეონეს” დროც მოვიდა. აქ ლოტბარობა შამპანურით გაწუწულმა ფაბინიომ ითავა. თანაგუნდელების შამპანურის წუწვაში ფირმინო და კიდევ რამდენიმე ლივერპულელი გამოირჩეოდნენ, დანარჩენი გუნდი კი ამ დროს სანუკვარი თასის გარშემო ცეკვავდა.
აღსანიშნავია, რომ „მიქს ზონაში” ტროფი მეკარე ალისონმა გამოატარა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასაუბროდ ვერ გაუჩერდებოდა, რადგან ჯილდოს დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.
ბრაზილიელმა მეკარემ მანამდე, ჯერ კიდევ მოედნიდან დაურეკა ფეხმძიმე ცოლს და ბედნიერი სიყვარულს ეფიცებოდა.
შემდეგ ფირმინო თანაგუნდელებს თმის ლაქით დაერია და ცოტათი ყველას გაუწითლა თავი, მათ შორის მო სალაჰსა და უთმო ფაბინიოსაც კი.
ამით გასახდელში ზეიმი დასრულდა და „ალე, ალე, ალემ” ავტობუსში გადაინაცვლა.
აქ ბიჭებს მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენციებით გადაღლილი იურგენ კლოპი შეუერთდა და ყველასთან ერთად თავადაც აღრიალდა.
საინტერესო იყო კლოპის საუბარი ნორვეგიის ტელევიზიასთან, რომელმაც გერმანელს აქამდე წაგებული ფინალები გაახსენა. კლოპმა ძველი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Salt-N-Pepa-ს ცნობილი სიმღერის სათაურით უპასუხა: Let’s talk about sex baby.
თუმცა კლოპმა სიტყვა sex სიტყვა six-თ შეცვალა და გამოვიდა: მოდი, პატარავ, ექვსზე (ანუ „ლივერპულის” მეექვსე გამარჯვებაზე) ვილაპარაკოთ.
„დეილი მეილი” წერს, რომ საკუთრივ ფინალი არ იყო დრამატული და არაფრით ჰგავდა ემოციურ ნახევარფინალებს, მაგრამ ზეიმი, რომელიც მადრიდში მოეწყო, „ლივერპულის” ფეხბურთელებს და ფანებს არასდროს დაავიწყდებათ.
მართალია, „ლივერპულმა” აწ უკვე გასულ სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ მან დიდ საერთაშორისო სარბიელზე გაიბრწყინა და ევროპულ საკლუბო სეზონს ღირსეული წერტილი დაუსვა.