„ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ ლორის კარიუსმა, რომელმაც შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ინტერნეტით გულწრფელი მილოცვა გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები 2018 წელსაც იყვნენ ფინალში, სადაც „რეალთან” წააგეს 1:3. გაშვებული გოლებიდან ორი კარიუსის ბრალი იყო.
მწარე დამარცხების შემდეგ კარიუსი „ლივერპულმა” სტამბოლის „ბეშიქთაშში” გაუშვა, თავად კი „რომადან” ბრაზილიელი ალისონი შეიძინა. ალისონმა გაამართლა.
შაბათს, 2019 წლის ფინალში, „ლივერპულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხა 2:0 და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
გერმანელმა გოლკიპერმა კი ყოფილ თანაგუნდელებს „ტვიტერში” მიწერა: „გილოცავთ. გულწრფელად ვიზიარებ ყველას, კლუბის და ფანების სიხარულს. თქვენ ამას იმსახურებდით”.
და „ლივერპულის” ფანებმა თავიანთ ყოფილ მეკარეს თბილადვე უპასუხეს:
„ლორის, ძმაო, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს”, — დაწერა ერთმა.
„ეს საღამო შენც გეკუთვნოდა, ლორის!”, — თქვა მეორემ.
„შენი მოლოცვა ბევრს ნიშნავს, კარიუს. არ დაგავიწყდეს, You’ll Never Walk Alone!!!!” — ესტაფეტა აიტაცა მესამემ.
„გვიყვარხარ, ლორის!” — დააგვირგვინა მეოთხემ.
ლორის კარიუსი „ბეშიქთაშში” 2020 წლამდეა იჯარით გაშვებული, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, „ლივერპული” მას აღარ დაიბრუნებს. ან ახალ იჯარას გაუფორმებს სადმე ან უბრალოდ გაყიდის.