„ინტერის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა ანტონიო კონტე. „ჩელსის” ყოფილი თავკაცი ხუთშაბათს გაშვებული ლუჩანო სპალეტის ადგილს დაიკავებს.
სპალეტიმ „ინტერს” სერია A-ს ცხრილში მეოთხე პოზიცია დააკავებინა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მაგრამ „ნეროაძური” მხოლოდ ამით კმაყოფილი ვერ იქნება.
49 წლის კონტე თითქმის წელიწადია უმუშევრადაა. ბოლოს ის „სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა. ახლა კონტე „სან სიროზე” გადაბარგდება და, როგორც ამბობენ, წელიწადში 10 მილიონ ევრომდე მიიღებს.
კონტემ თქვა: „ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, ჩემს ცხოვრებაში ხომ ახალი თავი იწყება. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა „ინტერის” პრეზიდენტ სტივენ ჟანგს და დირექტორატის წევრებს იმედი გავუმართლო. „ინტერი” იმიტომ ავირჩიე, რომ დიდი კლუბია, ხოლო პროექტი, რომელიც შემომთავაზეს, საფუძვლიანად და ამბიციურად მეჩვენა.
ჩემზე ძალიან იმოქმედა „ინტერის” ხელმძღვანელთა გულწრფელობამ და დიდმა სურვილმა კლუბი იმ მწვერვალებზე დააბრუნონ, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა”.
ანტონიო კონტემ „ჩელსის” ორ წელიწადში პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა. აგრეთვე, მან დასავლეთლონდონურ კლუბს მოუგო სასამართლო დავა კომპენსაციასთან დაკავშირებით და დამატებით 9 მილიონი გირვანქა გადაახდევინა.
„იუვენტუსში” მუშაობის პერიოდში მან გუნდს სამჯერ მოაპოვებინა „სკუდეტო” და თავადაც სამჯერ გახდა იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელი.
2014-16 წლებში ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებს ედგა სათავეში.