
„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს.
ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს.
იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია. მათ შორის იყო „არსენალის”, „ბარსელონასა” და „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი სესკ ფაბრეგასი, რომელიც ახლა „მონაკოში” თამაშობს. BT Sport-თან ინტერვიუში ფაბრეგასმა თქვა:
„იოზილი ლიდერობისთვის არ არის დაბადებული. ის საუკეთესო ფეხბურთს „რეალში” თამაშობდა, მაგრამ მაშინ გარშემორტყმული იყო უმაღლესი დონის ვარსკვლავებით, რომელთა შორის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუც გახლდათ. მაგრამ, როდესაც ნაბიჯს უკან დგამ და „რეალზე”, „ბარსელონაზე” და „ბაიერნზე” დაბალი რანგის გუნდში მიდიხარ, უკვე მეტი მოგეთხოვება, რადგან ვარსკვლავების გარემოცვას კარგავ”.
ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელიც „არსენალის” თავგადაკლული ფანია, „ტვიტერზე” ასე დაწერა: „დროა, იოზილი გავყიდოთ. ჯობს ამაღამვე!”
„არსენალის” კიდევ ერთმა ვეტერანმა ეიდურ გუდიონსენმა კი იმავ BT Sport-ს უთხრა: „როდესაც გუნდი აგებდა და მცვლიდნენ, მოედნიდან სწრაფად გავრბოდი. იოზილი ბაქოში ისე გავიდა, გეგონება ოვაციას ელოდა და განზრახ ითრევდა ფეხს. ის ბრწყინვალე თვისებების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მე რომ მწვრთნელი ვიყო, გუნდში არ მენდომებოდა”.