8 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი დაიწყება. მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, კუბა, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და მალტა. ექვსი ევროპული გუნდისთვის ეს შეჯიბრება ევრო 2022-ის შესარჩევის ერთ-ერთი ეტაპიც არის.
და ამ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებს 40 წლის სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს.
მაქსიმოვიჩმა ხელბურთელის კარიერის უმეტესი ნაწილი „ცრვენა ზვეზდაში” გაატარა. შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სერბეთის 18 და 20-წლამდელთა, ასევე ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში დაიწყო ახალი პროფესიის დაგემოვნება.
2009 წელს ნიკოლა მაქსიმოვიჩმა დააფუძნა ახალი კლუბი, „ნოვი ბელგრადი”, რომელმაც ქვედა ეშელონებიდან სერბეთის პირველ ლიგამდე გაიკაფა გზა. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ ავივის „მაკაბიში” მუშაობს — ჯერ ცნობილი სპეციალისტის, დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ კი კაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო ოთხ სეზონში კლუბი ისრაელის ჩემპიონიც გახდა და კიდევ ორჯერ ფინალში ითამაშა.
IHF-ს ერთა ჩემპიონატის შესახებ მაქსიმოვიჩი ასე ამბობს:
„ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს. ჩვენი ჯგუფი (საქართველო, ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია) მეორესთან შედარებით უფრო ძლიერია, მაგრამ ამას უპირატესობად განვიხილავ, რადგანაც ყველა თამაშს საუკეთესოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. უდიდესი მნიშვნელობა ექნება პირველ მატჩს ნიგერიის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ჩემი ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია და ყველა თამაშში მაქსიმუმს გაიღებს.
ფავორიტი რამდენიმეა: ნიგერია, კუბა, აშშ, საქართველო, ჩინეთი და ბულგარეთი. გამარჯვებული ამათ შორის უნდა ვეძებოთ”.