პირველებმა 8848-მეტრიანი ევერესტი ნეპალელმა ტენგსინგ ნორგეიმ და ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ დალაშქრეს. მაშინ, 1953 წელს, ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო და დუეტს “მსოფლიოს სახურავზე” ასვლაში 400-კაციანი გუნდი ეხმარებოდა. წლები გავიდა და ევერესტზე ამსვლელთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. მხოლოდ ერთ ციფრს გეტყვით: 2012 წელს რეკორდი დამყარდა და ერთ დღეში მწვერვალზე 234 ადამიანი ავიდა.

საქმე ის არის, რომ ტურისტული ბიზნესი ნეპალელთა მთავარი შემოსავალია. მხოლოდ მწვერვალზე ასვლის ლიცენზია 10 000 დოლარი ღირს. ამის შემდეგ ტუროპერატორი უნდა დაიქირავო და შერპებს მოგამაგრებენ. ჯამში ეს ყველაფერი 42 500 დოლარი ჯდება. ვინ არიან შერპები? ნეპალელები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 4 000 მეტრის სიმაღლეზე სახლობენ და ევერესტზე ისე არბიან, გეგონება, მეზობელთან მუჭ მარილზე შეიარესო. ესენი ამსვლელთა მთელ ტვირთს ხომ ეზიდებიან და ხშირად ტურისტები ზურგით ააქვთ მწვერვალზე. იყო ასეთი ლეგენდა კაცი – აპა შერპა, ვინაც კვირაში ერთხელ ადიოდა და გმირები მაინც მისი ატანილები ხდებოდნენ. რატომ ააქვთ ზურგით? თუ 90-იანებამდე ევერესტს დაპყრობას მხოლოდ პროფესიონალი ტურისტი შეჰბედავდა, ახლა ნებისმიერი შერეკილი ადის, ვისაც არათუ შესაბამისი მომზადება, საბაზისო ჯანმრთელობაც არ გააჩნია. ამ სიმაღლეზე ჟანგბადის შემცველობა ნორმაზე სამჯერ ნაკლებია. მაინც მიდიან. ფული აქვთ და ადრენალინის გამოყოფის მოთხოვნილება… მაისში ასვლის მსურველთა პიკია. ორი მარშრუტი არსებობს – ნეპალის და ჩინური ტიბეტის მხრიდან. მწვერვალამდე 300 მეტრში სერიოზული რიგებია 300-400 კაცზე. ლოდინს რამდენიმე გაუსაძლისი საათი მიაქვს. მზოლოდ ამ დღეებში ევერესტმა 10 ტურისტი შეიწირა. მათი გვამებიც კი ვერ ჩამოაქვთ – ვერტმფრენი იქამდე ვერ ადის და ფიზიკურად შეუძლებელია. ჯამში მთათა შორის უმთესის ყინულები მხოლოდ ოფიციალურად და წლევანდელი მსხვერპლის ჩაუთვლელად 293 ადამიანს ინახავს. ლამაზიაო ევერესტი… ლამაზი და ძალიან მკაცრი… მოყვარულებს არ იკარებს.

წილი
წინა სტატიაგარბის და არ უშვებენ
შემდეგი სტატიასარი ზედმეტად ემოციურია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".