„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო…
ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს:
„ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც „რეალის” კაპიტნის სამკლავური უკეთია თქვა, რომ ყველაფერი ყელში ამოუვიდა და დაიღალა.
რამოსმა იცის, რომ ფლორენტინო მასზე ცუდად ლაპარაკობს, „აიაქსთან” წაგებას აბრალებს.
რამოსს ნერვები ეშლება, რომ ფლორენტინოს ხალხიც დადის და მასზე ძვირს ამბობს.
რამოსი ვერ ეგუება, რომ მისი ერთგულება ეჭვქვეშ დააყენეს”.
El Partidazo განმარტავს, რომ სერხიო რამოსს ჩინეთიდან აქვს გულუხვი შეთავაზება. გარდა ამისა 33 წლის კაპიტნის შეძენა წამყვან ევროპულ კლუბებსაც უნდათ. ხოლო იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, საჭიროა „რეალმა” ის გაათავისუფლოს.
და როგორ მოიქცევა მადრიდის კლუბი?
გადაცემა El Transistor-ში ფლორენტინო პერესმა თქვა: „მე მითხრეს, რომ სერხიო რამოსს ჩინეთში ეპატიჟებიან, ოღონდ ამ ჩინურ კლუბს თურმე სატრანსფერო თანხის გადახდა არ უნდა, რადგან არ მოსწონს წესი, რომლის მიხედვითაც თუ გარკვეულ პირობებში აღმოჩნდები, ორჯერ ძვირი უნდა გადაიხადო. ერთადერთი, რაც ამაზე შემიძლია ვთქვა ის არის, რომ „რეალი” კაპიტანს ვერ გააჩუქებს. ეს სახიფათო პრეცედენტი იქნებოდა”.
ამბობენ, რომ პერესს და რამოსს „აიაქსთან” წაგების შემდეგ მოსვლიათ შელაპარაკება. რამოსს პრეზიდენტისთვის უთქვამს, ჩემი კონტრაქტი ვინმემ რომ გამოისყიდოს, სიამოვნებით მოვშორდებოდი აქაურობასო.