გასულ უიქენდზე საფრანგეთში სარაგბო მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა. ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა, რომელმაც მესამე-მეექვსე ადგილოსნები გამოავლინა და პლეი-ოფის წყვილები ჩამოაყალიბა.

პარიზული „რასინგი“ აჟენს ესტუმრა და 35:3 მოიგო. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც მარცხენა ბურჯად 38 წუთი ითამაშა, ხოლო გამარჯვებულთა შორის გურამ გოგიჩაშვილმა იგივე პოზიციაზე სრული მეორე ტაიმი გაატარა. დედაქალაქელებმა ამ გამარჯვებით პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩის მასპინძლობა დაიბევეს, სადაც „ლა როშელს“ შეხვდებიან, რომლის შერკინებასაც აქვსენტი გიორგაძე წვრთნის.

კასტრში კი დიდი მოულოდნელობა მოხდა, რომელმაც „ქართული“ „მონპელიე“ ახეირა. ადგილობრივმა გუნდმა მამუკა გორგოძის „ტულონს“ უმასპინძლა და ყველასდა გასაოცრად უმოტივაციო მეტოქესთან 16:25 დამარცხდა. ამ წაგებამ „კასტრი“ სანუკვარ ექვსეულს მიღმა დატოვა და მისი ადგილი „მონპელიემ“ უმალ შეავსო. ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანმა გორგოძემ სასტარტო შემადგენლობაში 63 წუთი ითამაშა და როგორც ყოველთვის, გააზრებულად და დამაჯერებლად იმოქმედა.

რაც შეეხება „მონპელიეს“, ამ გუნდში ბოლო ტურში ქართველთაგან ბორჯღალოსნებმა – პირველხაზელმა ლევან ჩილაჩავამ და მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ ითამაშეს. ორივე სასტარტოში იყო, ორივემ მაგრად იომა და გუნდს მრისხანე „კლერმონთან“ გასვლით გამარჯვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. „მონპელიელებმა“ 28:27 დაამარცხეს რეგულარულის მეორეადგილოსანი „ყვითელი არმია“, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ბექა კაკაბაძე იყო, ვინც სამჯერ შეცვალეს და ჯამში მას მინდორზე 56 წუთის გატარება მოუხდა. ჩილაჩავამ პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, ხოლო მიქაუტაძე 69-ე წუთზე შეცვალეს. ამ გამარჯვებამ „მონპელიე“ მეექვსე ადგილზე აღაზევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველების გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალში სტუმრად შეხვდება მესამეადგილოსან „ლიონს“.

პრო დ-2-ში კი ფინალი შედგა და ჩემპიონიც გამოვლინდა. არანორმალური დაძაბულობის მატჩი პოში გაიმართა და „ბაიონმა“ უდრამატულეს დაბოლოებაში ქართველების „ბრიფს“ 21:19 სძლია. ბრიველები თითქმის მთელი მეორე ტაიმი 19:15 ამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ ბოლო 3 წუთში ორჯერ დაჯარიმდნენ და არგენტინელმა დამრტყელმა მარტინ ბუსტოს-მოიანომ ჯერ 77-ე, ხოლო ბოლოს – გაწითლებულ დროში ჯარიმები ზუსტად დაარტყა, რამაც მის „ბაიონს“ მეორე ფრანგული ელიტური დევიზიონის ჩემპიონობა და მასთან ერთად ტოპ 14-ის საგზური მოუტანა. ბაიონელები „პერპინიანის“ ადგილს დაიკავებენ, ხოლო ფინალში დამარცხებული „ბრივი“ იგივე პატივისთვის პლეი-ოფში ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „გრენობლს“ გაეჯიბრება. „ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში ამ ჯერზე მხოლოდ ოთარ გიორგაძე იყო, რომელიც 53-ე წუტზე შეცვალეს. სოსო ბეკოშვილი თამაშში 61-ეზე ჩაერთო, ხოლო ვასილ ლობჟანიძე – 64-ეზე.

ყოველივე იმას ნიჩნავს, რომ წამყვანი ბორჯღალოსნები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში ყოვნდებიან, და მათთვის სეზონი როგორც მინიმუმ ერთი კვირით გაგრძელდება, ხოლო ზოგიერთისთვის შესაძლოა შუაივნისშიც კი დასრულდეს.