შაბათს, სევილიაში, ბენიტო ვილამარინის სტადიონზე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიამ” „ბარსელონას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა.
ასე დასრულდა „ბლაუგრანას” ოთხწლიანი სათასო ბატონობა. ლა ლიგას ჩემპიონმა წლეულს დუბლი ვერ შეასრულა.
ვალენსიელებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. ეს 21-ე წუთზე კევინ გამეირომ, ხოლო 33-ზე როდრიგო მორენომ შეძლეს.
30-გზის თასის მფლობელს ლუის სუარესის და ოსმან დემბელეს არყოფნაში გაუჭირდა. მართალია, 73-ე წუთზე ლეო მესიმ „ბარსას” იმედი დაუბრუნა, მაგრამ კატალონიელებმა მეტი ვერაფერი შეძლეს. ის კი არა, მსაჯის წამატებულ წუთებზე გონსალო გუედეშმა კინაღამ მესამეც გაუტანა სახელოვან მოწინააღმდეგეს.
ეს გახლდათ პირველი დიდი ჯილდო, რომელიც ვალენსიელებმა 2008 წლის შემდეგ მოიპოვეს. მათ 11 წლის წინაც სამეფო თასი აღმართეს.