დღეს ესპანეთში სამეფო თასის ფინალია, „ბარსელონა” და „ვალენსია” ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟერარდ პიკეს მოახლოებულ მატჩზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” წაგებაზე დაუსვეს კითხვები.

ლაპარაკი ჩამოვარდა 22 წლის ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასევე ნახევარფინალში იყო, საიდანაც მისი „აიაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოთიშა.

„დე იონგი?, — კითხვაზე კითხვით უპასუხა პიკემ, — ზოგადად კლუბმა უნდა ეძებოს ახალი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ თამაში და ტიტულების მოგებაში დაგვეხმარებიან. რაც შეეხება დე იონგს მან დაამტკიცა, რომ საუკეთესოებთან შეუძლია შეჯიბრება”.

„ლივერპულთან” წაგებაზე კი ვეტერანმა მცველმა თქვა: „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც პროფესიულ კარიერაში გადამხდენია. ჩვენ ვცადეთ ბარსელონური ფეხბურთი გვეთამაშა. ხანდახან ამის გაკეთება ადვილია, ხანდახან კი უფრო რთული. ყოველთვის ყველაფერი იმაზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ რა გვინდა. ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდიც თამაშობს. არის შეხვედრები, როდესაც ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი შეუძლებელია”.

ხოლო დღევანდელი ფინალის და მოწინააღმდეგის შესახებ კატალონიელმა ასე თქვა:

„ვალენსიელებმა ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყეს, ბევრი ფრე ითამაშეს. სამაგიეროდ, სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარეს შესანიშნავად. მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. „ვალენსია” არის გუნდი, რომელთანაც ჩემპიონატში ორივე თამაში ვერ მოვიგეთ. ამიტომ, ფინალში პირველივე წუთიდან უნდა ვცადოთ ინიციატივა ვიგდოთ ხელთ და ანგარიში წავიყვანოთ”.