მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა:
„ძვირფასო „რეალ“,
მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“
ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“.
ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს რომ ვერ დაეუფლა.
მაგრამ ამსტერდამ არენაზე გამართულმა ფინალმა ეს სევდიანი მოგონებები „რეალის“ 50-იანი წლების საუცხოო ხელმწიფედ ყოფნის ამბავი, უზარმაზარ თასში მოაქცია და გადასცა სწორედ იმ „რეალს“, მთელი სეზონის განმავლობაში რომ ილანძღებოდა უფერული თამაშის, გაუმართავი ტაქტიკის და ფეხბურთელთა ზოზინის გამო.
მწვრთნელს ათავისუფლებენ, ალბათ, რამდენიმე ფეხბურთელსაც ზედ მიაყოლებენ.
ევროპული ჯილდოები კი ყოველთვის შეიცავდა ერთგვარ პირობითობას. უფრო სწორად, ფინალებში ხშირად ხდებოდა, რომ სეზონის ძნელბედობანი უკან რჩებოდა და გუნდი იმარჯვებდა. ფინალის აზრიც ხომ ეს არის.
„რეალის“ დაცვითი რიგი, რომელსაც ბოლო თვის განმავლობაში საშუალო ესპანური კლუბები ათახსირებდნენ, შეუვალი გამოდგა. ისტორიულად დიდი გუნდების ერთ-ერთი თვისებაც ეს არის, რომ ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ყველაფერი კარგი, რაც ამ გუნდს ზანდუკში უდევს და სხვადასხვა მიზეზეთა გამო ვერ მოუხმარია, ამუშავდება ხოლმე.
ესეც არ იყოს და „რეალის“ ფეხბურთი ყოველთვის „ვარსკვლავთა“ ფეხბურთი იყო, დღეს ეს ამბავიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოსმანური ხმაურიდან არცთუ ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ თანდათან ცხადი ხდება, რომ „ვარსკვლავური“ შემადგენლობა სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპულ საკლუბო ფეხბურთში.
წლევანდელი ევროთასების ფინალებს გადავხედოთ. სამ თამაშში გასული ხუთი გოლიდან ხუთივე საერთაშორისო ვარსკვლავებმა გაიტანეს. სამივე ფინალში საფეხბურთო ინტერნაციონალმა, ანუ მრავალეროვანმა, ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდებმა იმარჯვეს. დამარცხდნენ ის გუნდები, რომლებსაც გამოარჩევთ თამაშის სანიმუშო ორგანიზაცია, ჰყავთ გამორჩეულად ფიქრიანი მწვრთნელები და რეგულარულ და სათასო თამაშებში მშვენივრად ირჯებიან. ევროთასების მომგები სამივე ვარსკვლავური გუნდი, „ინტერი“, „ჩელსი“ და „რეალი“ წლევანდელ შიდა ჩემპიონატებში უმაღლესი ტიტულისთვის იბრძოდნენ, მაგარმ ვერაფრით შეძლეს რეგულარული პირველობის სრულფასოვნად, საჩემპიონოდა გავლა. სამაგიეროდ, მათ ევროტურნირებში იმარჯვეს.
ეს საინტერესო ამბავია და მისი ახსნა საკმაო სირთულეს წარმოადგენს.
თუმცა, იმის თქმა, რომ კონკრეტულ ვითარებაში ვარსკვლავები ასჯერ უფრო ამართლებენ, ვიდრე უბრალოდ პროფესიონალები, არც ძნელია, არც ახალი. არის კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ კონკრეტულად რა, ძნელი სათქმელია.
მაგრამ „რეალი“ გამარჯვებულია.
„რეალი“ განაგრძობს თავისი ისტორიის წერას და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
როგორც მრავალი წლის წინათ, დღესაც, „რეალში“ სამყაროს სხვადასხვა კიდეებიდან შეყრილი ხალხი თამაშობს. ესეც ერთგვარად გვახსენებს ერთი დროის სამეფო კლუბს. დი სტეფანო აღარ არის და ძალიან ძნელია იპოვო მეორე ასეთი, მაგარმ მისი სარდლობით მოპოვებულ გამარჯვებათა ჯერაც დაუმხობელ რეკორდს კიდევ შეემატა ერთი ჩემპიონთა თასი.
მადრიდის „რეალი“ დიდხანს იბრძოდა ჩემპიონთა თასისთვის. ის ბრძოლა ამაო იყო. ევროპაში სხვა უკვადავი გუნდები პირველობდნენ – „აიაქსი“, „ლივერპული“, „მილანი“ – მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ძველი „რეალის“ წარმატებათა განმეორება. ეს კი, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საფეხბურთო თავგადასავალი უწყვეტია და დიადი კლუბები არასოდეს იკარგებიან სამუდამოდ.
23.05.1998