„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს  ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს.

კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა.

ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”.

აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის იგულისხმა, რომ ფინალში ლონდონის ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს, თამაში კი ბრიტანეთის დედაქალაქიდან 3970 კილომეტრით შორს უნდა ჩატარდეს. მეორე მხრივ, ის, რომ თამაში აზერბაიჯანში უნდა გამართულიყო იმაზე გაცილებით ადრე იყო ცნობილი, ვიდრე ის, რომ ფინალში ორი ლონდონური გუნდი გავიდოდა.

ვენგერმა განაგრძო: „გუნდებს მზადებაში რასაკვირველია ხელი არ შეეშლებათ. ფინალი ფინალია და ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია. ფეხბურთელები და მწვრთნელები იდეალურ პირობებში ცხოვრობენ. მათ კომფორტულ სავარძლიანი კერძო თვითმფრინავები ემსახურებათ. აი, ფანებს კი პრობლემა აქვთ”.

არსენ ვენგერი „არსენალის” მწვრთნელის თანამდებობიდან ერთი წლის წინ გადადგა და მას მერე თავისი ყოფილი გუნდის თამაშს არ დასწრებია. ის არც ბაქოში ჩავა, სადაც მისმა შემცვლელმა უნაი ემერიმ შეიძლება ევროლიგა მოიგოს. მაგრამ კაცი, რომელიც „მეთოფეებს” 22 წლის განმავლობაში ედგა სათავეში, ბუნებრივია ყველაფრის საქმის კურსშია და აპროტესტებს იმას, რომ ჰენრიკ მხითარიანი თამაშს ეროვნების გამო სტოვებს.

„ფეხბურთს პოლიტიკის მიხედვით არ უნდა თამაშობდე. ასეთი რამ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში არ უნდა ხდებოდეს”, — თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ „არსენალის” ხელმძღვანელობამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ მათი სომეხი ვარსკვლავისთვის ჰენრიკ მხითარიანისთვის აზერბაიჯანის დედაქალაქში სათამაშოდ ჩასვლა უსაფრთხო არ არის.