„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს.

„მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ, ამით ბაქოში მხითარიანის უსაფრთხოების საკითხი როგორ მოგვარდებოდა გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ კარდაშიანს უტევენ, ის კი ჯერჯერობით არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქში „არსენალი” „ჩელსის” ხვდება.

მავანმა გამწარებულმა სელებრითის ასე მისწერა: „როცა გაწყობს სომეხი ხარ და როცა საქმე მხითარიანის ევროლიგის ფინალში თამაშზე მიდგა, გაიტრუნე?”.

სხვამ ასე გადაწყვიტა ტელევარსკვლავზე ზემოქმედება: „იცი, რომ შენი სომეხი ძმა ჰენრიკ მხითარიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ისტორიული ომის გამო ფინალში ვერ მიიღებს მონაწილეობას? მსოფლიო კი ამას ჩუმად შესცქერის. მშვიდობა მსოფლიოს!”

„გაუმარჯოს, კიმ. ალბათ ეს მესიჯი შენამდე ვერ მოაღწევს, მაგრამ თუ მოაღწია, როგორ გგონია, შეგიძლია სომხეთის ნაკრების კაპიტნის დახმარება? ის ფინალში ვერ თამაშობს, რადგან სომეხია. არსებობს რაიმე გზა, რომლითაც შენ ჰენრიკს ქმედითად დაუდგები მხარში?” — ხავსს ეჭიდებოდა მესამე.

„კიმს ალბათ ფეხებზე კიდია, მაგრამ ძალიან გავლენიანია. მას ნამდვილად შეუძლია ამ ბრძოლაში ჩაებას და დიდი ხმაური გამოიწვიოს”, — ფიქრობდა მეოთხე.

„სომხეთში მხითარიანი უფრო პოპულარულია ვიდრე კარდაშიანი და შესაძლოა კარდაშიანმა არ იცის ვინ არის მხითარიანი” —  გაუგებრად ამბობდა მეხუთე.

და აქ მოყვანილი ციტატები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ინტერნეტში ხდება.