დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი.

თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება.

პარიზელებს ასეთი გეგმა აქვთ: ან ამ ზაფხულშივე გადაიხდიან 60 მილიონ გირვანქას და დე ხეას თავიანთ მეკარედ აქცევენ ან ერთ წელიწადს დაიცდიან და როდესაც ესპანელს „იუნაიტედთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურება, მუქთად ჩაიგდებენ ხელში.

„დე ხეას საქმე” მანჩესტერელთა მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს აშკარად ხელს უშლის. მოგეხსენებათ, ნორვეგიელს ზაფხულში გუნდის დიდი გადახალისება აქვს დაგეგმილი და მეკარეზე დროისა და ენერგიის ხარჯვას არ აპირებდა. ახლა ის იძულებულია ეძებოს იმ მოთამაშის შემცვლელი, რომელიც ბოლო ექვსი სეზონიდან ოთხში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა.

გასულ სეზონში დე ხეამ თანაგუნდელებს უთხრა, თუ „ოლდ ტრეფორდზე” ჩემს ახალ მოთხოვნებს დაყაბულდებიან, სიამოვნებით დავრჩებიო.

„პარი სენ ჟერმენს” „მანჩესტერ იუნაიტედიდან” უკვე მიჰყავს 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა.