ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს.

ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას. ანუ, ტოტალიზატორების სასარგებლოდ მუშაობას.

არანაკლებ უცნაური: ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის თებერვალში საზოგადოებას მთავრობასთან ერთად შემუშავებუილი ხუთწლიანი  პროექტი წარუდგინა, რომლის ბიუჯეტი ჯამში 265.7 მილიონს შეადგენდა.

სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი რამდენიმე ძირითადი კომპონენტით განისაზღვრა: განახლებული ეროვნული ჩემპიონატი, კლუბების დაფინანსების ახალი პროგრამა, ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტები, საფეხბურთო საგანმანათლებლო პროექტები, კონკურენტუნარიანი საფეხბურთო გარემო…

მაგრამ მეორე წრეც არ დასრულებულა და „ტორპედო“ უფულობის გამო, ფაქტობრივად, დაიშალა.

რატომ?

ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა ქუთაისური კლუბის გარშემო, რას აღარ ამბობენ და აბრალებენ, მაგრამ სიმართლის გარკვევამდე ის ვთქვათ, რომ ქუთათურმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინეს, რუსთავში თამაშზეც გამოცხადდნენ და ბოლო დროს ათამაშებულ მასპინძლებს 4:2 მოუგეს. დუბლი მიითვალა ბუდუ ზივზივაძემ.

საერთოდ, ამ ტურში ოთხი დუბლი შესრულდა, რაც სეზონის რეკორდია. ჩიხურელმა მიშიკო სარდალიშვილმა კი მეორედ შეძლო ორი გოლის გატანა.

ყოჩაღი შინდაგორიძე და იავარქმნილი „დინამო“

ტურის გვიან მატჩში „საბურთალომ“ “დინამოს“ 2:0 მოუგო და წინა დღეს დაკარგული ლიდერობა (შაბათს, „ვიტ ჯორჯიასთან“ გამარჯვების შემდეგ, ბათუმის „დინამო“ გაპირველდა) დაიბრუნა. ორივე გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა, თანაც როგორები –  ჯერ საჯარიმოს კუთხიდან ჩასვა ბურთი „ცხრიანში,“ შემდეგ კი დამატებაზე ისეთი შეაგდო, მხოლოდ ევროპულ ტოპ ჩემპიონატებში რომ გვინახავს. ჯამში ლაშას 9 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავასაც ჩაუდგა სათავეში.

„დინამოზე“ კი ამჯერად შეგნებულად აღარ ვიტყვით არაფერს. საქართველოს საუკეთესო კლუბმა ზედიზედ მესამედ წააგო… ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.

ადრეც ვწერდით, საეჭვო სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, დინამოელთა სავარაუდო და მოსალოდნელ კრიზისზე. თუმცა აქ მხოლოდ დროებით ჩავარდნაში არ უნდა იყოს საქმე.

სიონი 0:5 ჩიხურა

0:1 მახარობლიძე (7), 0:2 სარდალიშვილი (10), 0:3 ფანცულაია (17), 0:4 დეკანოიძე (29), 0:5 სარდალიშვილი (69)

ლოკომოტივი 1:0 დილა

1:0 სამურკასოვი (41)

ბათუმი 2:0 ვიტ ჯორჯია

1:0 ფლამარიონი (27), 2:0 ტედი (77)

რუსთავი 2:4 ტორპედო

1:0 ციცქიშვილი (47), 1:1 ზივზივაძე (56), 1:2 ჯაფიაშვილი (67, საკ. კარში), 1:3 ზივზივაძე (78, პენ), 1:4 წიქარიძე (88), 2:4 ციცქიშვილი (89)

საბურთალო 2:0 დინამო

1:0. 2:0 შინდაგორძე (67, 75)

23 მაისი: ჩიხურა – ბათუმი, ვიტ ჯორჯია – ლოკომოტივი

24 მაისი: სიონი – რუსთავი, დინამო – ტორპედო, დილა – საბურთალო

მეგოლეები: ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 9, ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა) – 7