ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან თამაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტარდება და ფეხბურთელის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ასე განსაჯა „არსენალმა” და გადაწყვიტა სომეხი ვარსკვლავი ლონდონში დატოვოს.

„არსენალი” 29 მაისს „ჩელსის” ხვდება. მხითარიანმა ამ სეზონში „მეთოფეთა” შემადგენლობაში ევროლიგის ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური პრესა წერს, რომ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელმა უნაი ემერიმ სომეხი ფეხბურთელი პლეი-ოფის ყველა შეხვედრაში ათამაშა და ამდენად, გადამწყვეტ მატჩში მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება.

„არსენალმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

„გულდაწყვეტით ვაცხადებთ, რომ ჰენრიკ მხითარიანი გუნდთან ერთად ევროლიგის ფინალში „ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ გამოემგზავრება. ჩვენ დაწვრილებით ავწონ-დავწონეთ ფინალში მიკის თამაშის შანსები, ვისაუბრეთ მის ოჯახთანაც და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, რომ ჯობს ის ლონდონში დარჩეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა გულისტკივილის შესახებ უეფას უკვე მივწერეთ. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მიკი ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მისი არყოფნა „არსენალისთვის” დიდი დანაკლისი იქნება.

ვწუხვართ იმასაც, რომ ფეხბურთელმა უნდა გამოტოვოს კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში, ფინალი, თან ძალიან იშვიათი და უჩვეულო მიზეზით”.

ბუნებრივია, „სარბიელის” მკითხველს არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა პრობლემის გამო ვერ ჩავა სომეხი ვარსკვლავი აზერბაიჯანში და საერთოდ, რაში მდგომარეობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

წილი
წინა სტატიარატომ?
შემდეგი სტატიადადგა ფინალური ოთხეულების დრო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...