სუმოს იმაზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

სპორტის ამ სახეობაში ფულიც არანაკლები ტრიალებს, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არსებობს სუმოს მოყვარულთა ინტერნეტფორუმები მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ამ ფორუმებზე კი ლევან გორგაძე ერთ-ერთი განხილვადი ფიგურაა.

როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს შეშვენის, ტოჩინოშინზეც ერთნი აღტაცებით წერენ და სხვანი ბოღმით. საერთო აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი სეკიტორი აუცილებლად გახდება დიადი ჩემპიონი. უმთავრესი მიზეზი თურმე ის ყოფილა, რომ იაპონელებს ყელში ამოუვიდათ მონღოლთა ბატონობა (ორივე მოქმედი იოკოძუნა მონღოლია). მათ შემცვლელად ჯერ იაპონელთაგან ვერავინ შეიგულეს, ქართველი კი იდეალური კანდიდატია – ათლეტი ღიპიანი სეკიტორების ფონზე, იდეალური სარეკლამო სახით და რაც მთავარია, ფალავანი, რომელსაც დოჰიოდან ნებისმიერის გატანა შეუძლია.

ავი ენები ამბობენ, შარშან ტოჩინოშინს იმპერატორის თასის აღებაში ხელი შეაშველეს – სამიდან ორი იოკოძუნა ტურნირიდან შემთხვევით არ მოხსნილაო. მერე იყო ლევანის ტრავმა.

არადა, იმ ბაშოს წაუგებლად ლიდერობდა და რომ გაემარჯვა, აუცილებლად დადგებოდა საკითხი მისი იოკოძუნად კურთხევის შესახებ (მოგეხსენებათ, საამისოდ სეკიტორმა ან ზედიზედ ორი ბაშო უნდა მოიგოს, ანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმაღლესი შედეგები უნდა ჰქონდეს).

ახლა თემა ისევ აქტუალურია. ბაშოს იოკოძუნა და ერთი ოძეკი უკვე გამოეთიშნენ, კიდევ ორ ოძეკის კი ჩემპიონობისთვის ბრძოლის თეორიული შანსიღა დარჩა. კონკურენტი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა და საკმარისი იყო ლევანს წაეგო, მანაც მყისვე წააგო.

ესეც კიდევ ერთი არგუმენტი შეთქმულების თეორიის მომხრეთათვის. მოკლედ, თუ ამ თეორიას ვენდობით, იმპერატორის თასი ლევანს უნდა დარჩეს. ამ საქმეში საკუთარი ინტსრესი იაპონურ მაფიასაც ჰქონია – ტოტალიზატორებში სუმოს ფსონებზე ბრუნვა ბევრზე ბევრი მილიონია…

ლევანს არავისი დახმარება არ სჭირდება, თავად მოერევა ყველა პრობლემას, მაგრამ თუ იაპონიას ქართველი გმირი სურს, რატომაც არა?!

წილი
წინა სტატიააქაც კი არ ათამაშეს
შემდეგი სტატიარეალი ტონირებულია
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".