ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია.

შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო. გვარდიოლამ კი ჰეთ-თრიკის (თუ დუბლის?; ამაზე ცოტა ქვევით) ავტორ რაჰიმ სტერლინგს საფინალო სასტვენისთანავე შენიშვნები დააყარა; იქვე მოედნის კიდესთან. შეიძლება ითქვას ზეიმი არ შეარგო.

ინგლისური გაზეთები ხაზს უთქვამენ, რომ გვარდიოლამ და სტერლინგმა მთელი წუთის განმავლობაში იკამათეს რაღაცაზე, მიუხედავად იმისა, რომ გახდნენ პირველი ინგლისური კაცთა გუნდი, რომელმაც შიდაეროვნული „ტრებლი” (პრემიერლიგა, ლიგის თასი და ფეხბურთის ასოციაციის თასი) მოიგო.

მოგვიანებით, BT Sport-თან ინტერვიუში „სიტის” მწვრთნელმა მომხდარი ასე განმარტა: „თამაშის დროს რაღაც ვუთხარი, მან კი ვერ გაიგო. ჩვენ პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი ქულით გავუსწარით კონკურენტს, ასე რომ სხვაობა დამამშვიდებელი არ ყოფილა. არადა, ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ამიტომ, გაისად იგივე უნდა გავიმეოროთ. ისევ უნდა გავხდეთ ჩემპიონები”.

ერთი სიტყვით, გვარდიოლა უკმაყოფილო ჩანდა. სტერლინგმა კი ზემოთ ნახსენებ კონკრეტულ მომენტზე საუბარს ზოგად საკითხზე, გვარდიოლასთან მუშაობაზე ლაპარაკი ამჯობინა:

„შარშან, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატიდან დავბრუნდით და სეზონისწინა შეკრებაზე გამოვცხადდით, ის დაგვხვდა მტკიცე გადაწყვეტილებით — გამოგვიცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო პრემიერლიგა. და მან ჯარიმები დააწესა. პატარა გადაცდომაზეც გვაჯარიმებდა. ფეხის წვერებზე დავდიოდით.

მე ძირითადად მათამაშებდა, კონკურენტი ფაქტობრივად არ მყოლია, მაგრამ ის ყოველ წელიწადს ახალ ფეხბურთელს ყიდულობს და მომავალში რა იქნება არ ვიცი”.

ახლა კი რაც შეეხება გოლს, რომელიც რაჰიმ სტერლინგს თავიდან ჩაუთვალეს და მერე ჩამოართვეს. გოლს ქვემოთ, ვიდეოჩანაწერზე საკუთარი თვალით იხილავთ, აქ კი ორი სიტყვით გეტყვით: გაბრიელ ჟესუსის დარტყმა „უოტფორდის” კარში შედიოდა (ან უკვე შესული იყო), როდესაც სტერლინგმა ბურთს ფეხი მიაყოლა. ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. ეს იყო „სიტის” მეორე გოლი, რომელიც თავიდან სტერლინგს ჩაუთვალეს და დაადგინეს, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში მან ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც ინგლისში 1953 წლის შემდეგ არ მომხდარა.

BT Sport-ის მიმომხილველმა ჯეიკ ჰემფრიმ მიულოცა კიდეც სტერლინგს ჰეთ-თრიკის ამბავი, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა: „თქვენ ალბათ მეხუმრებით. ცუდად მოვიქეცი. ნამდვილად არ ვაპირებდი მეგობრისთვის გოლის წართმევას. დიდ ბოდიშს ვუხდი”.

მოგვიანებით კი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ სტერლინგს გოლი გაუუქმა და მის ავტორად ჟესუსი გამოაცხადა.