მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა.
„ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში, სადაც გამოდიოდა კიდეც ბოლო ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, გასული სეზონის წარუმატებლობის გამო, ახლა რეშფორდი იძულებულია ევროლიგას დაუბრუნდეს, სადაც სამი წლის წინ ითამაშა და თავიც გამოიჩინა.
ოლე გუნარ სულშერი გუნდის განახლებას იწყებს. ცნობილია, რომ ის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიებას გეგმავს და არა ძვირადღირებული ვარსკვლავების შეგროვებას.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით რეშფორდმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ამ ეტაპზე ყველაფერზე მეტად ის მინდა, რომ შემდეგ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა” თავისი თამაში დაიბრუნოს. ჩვენ კრიზისს სწორად უნდა ვუპასუხოთ, გამარჯვების წყურვილი უნდა აღვიდგინოთ”.
ინგლისური პრესა წერს, რომ „იუნაიტედი” რეშფორდთან დაკავშირებით შეიძლება იმავე დღეში ჩავარდეს, რომელშიც დავიდ დე ხეას გამო ჩავარდა. ესპანელმა მეკარემ კლუბთან კონტრაქტი ფაქტობრივად ამოწურა და ახლა, როდესაც მას „ოლდ ტრეფორდზე” ერთი წელიწადიღა დარჩა, „პარი სენ ჟერმენი” ცდილობს მის გადაბირებას.
სეზონის შუაში დე ხეა თითქოს აპირებდა თავისი მომავალი კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედთან” დაეკავშირებინა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახლა წამსვლელს უფრო ჰგავს ვიდრე დამრჩენს.
რეშფორდს კი ხელშეკრულების ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს გასდის, ოღონდ ამავე ხელშეკრულების თანახმად „იუნაიტედს” ოფიციალურად აქვს უფლება ის კიდევ ერთი წლით არ გაუშვას. და იმ შემთხვევაში თუ მხარეები საერთო ენას ვერ გამონახავენ, შესაძლოა კლუბმა სწორედ ეს პუნქტი აამოქმედოს, ოღონდ ამ შემთხვევაში დიდი შანსია ცხვირჩამოშვებული ფეხბურთელი შერჩეს ხელში.