123 გოლის გამტანი ფეხპროთეზიანი ყოფილი ფეხბურთელი პიცერიაში მიმტანად მუშაობს. როგორ მოხვდა „მალაგას“ ექსმეგოლე ურუგვაელი დარიო სილვა მალაგას პიცერიაში?

2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში სილვა პიკაპით ბოძს შეასკდა და მარჯვენა ფეხი ისე დაეჟეჟა, რომ მუხლსქვემოთ მოსაჭრელი და პროთეზით შესაცვლელი გაუხდა. იმ დროისთვის კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა – ბოლოს „პორტსმუთში“ (2005–06 ) თამაშობდა, თუმცა კარიერა თავისი ნებით არ დაუსრულებია. მამას დაურეკავს და უთქვამს, სამი თვის სიცოცხლეღა დამრჩენია, სახლში დაბრუნდი, ჩემ გვერდით იყავიო. ამიტომაც წავიდა ინგლისიდან ურუგვაიში.

ავარიის შემდეგ 13 წლის განმავლობაში სილვამ ბევრგან სცადა ბედი. რენე რამოსის (სერხიო რამოსის ძმა) დახმარებით საფეხბურთო აგენტადაც იმუშავა, მაგრამ დღეს მალაგაში პიცერია „ფრასკატში“ არ თაკილობს მიმტანობას ცალფეხა კაცი, რომელსაც  არაერთი გოლი გაუტანია  „დეფენსორში“, „პენიაროლში“, „კალიარიში“, „ესპანიოლში“, „მალაგაში“, „სევილიაში“ და „პორტსმუთში“.

რას იზამ, ბურთიც მრგვალია და პიცაც. იყო გამტანი და გახდე მიმტანი – გულთან მისატანი ამბავია.

წილი
წინა სტატიარეშფორდი ჭოჭმანობს
შემდეგი სტატიატოჩი სამშაბათს ოძეკია?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.