რომის საჩოგბურთო მასტერსზე ხუთშაბათი ავსტრალიელი ნიკ კირიოსის დღე იყო… და ეს იმის მიუხედავად, რომ რაფა ნადალმა ერთ დღეში ორი მატჩი მოიგო და ჯერ ჯერემი ჩარდის, მერე კი ჩვენ ნიკა ბასილაშვილს მხოლოდ თითო გეიმი დაანება.
რა ქნა ასეთი კირიოსმა?
გადამწყვეტ მესამე სეტში ნაკლებად ცნობილ მეტოქეს ჯერ ბრეიკი აართვა, მერე კი საკუთარი მოწოდება წააგო და ჩოგანი კორტზე დაახეთქა. მთავარმა მსაჯმა, ბუნებრივია, შენიშვნა მისცა, რამაც ავსტრალიელი უფრო გააცოფა და სკამი მოისროლა. მსაჯმა კორტზე სუპერვაიზერი იხმო და მასთან შეთანხმებით, კირიოსის ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ტურნირიდან მოხსნა ნიშნავს, რომ კირიოსი უკვე გამომუშავებულ ქულებს და ფულებს ვერ მიიღებს, 20 000 ევროს ჯარიმად გადაიხდის და რომში სასტუმროში ცხოვრების ხარჯებსაც თავად დაფარავს.
ავსტრალიელს ATP რამდენიმეთვიანი დისკვალიფიკაციითაც ემუქრება, რადგან ემოციურ კირიოსს პირობით-გამოსაცდელი ვადა ჯერ კიდევ შანხაის მასტერსიდან მოსდევს. კოლეგას თვით როჯერ ფედერერი გამოექომაგა, უკვე დაკისრებული სასჯელებიც ეყოფა და დისკვალიფიკაცია მეტისმეტი იქნებაო.

თავად ნიკ კირიოსმა მოკლე კომენტარი გააკეთა: „ალბათ მეტისმეტად ემოციური ვარ და მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებებზე მეტისმეტად აქტიურად ვრეაგირებ. ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშს და მადლობას ვუხდი რომს. მადლობა მაყურებლებს. იმედია, კიდევ შევხვდებით.“