„მარკა” წერს, რომ ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში” გადასაყვანად, ამ ტრანსფერის მომხრეებს კატალონიელ გულშემატკივრებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან რთული მოლაპარაკებების დაძლევა მოუწევთ.

გრიზმანი „კამპ ნოუზე” შარშანაც უნდა გადასულიყო, მაგრამ მან ტრანსფერი თავად ჩაშალა და მერე ამის შესახებ ესპანეთში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში ილაპარაკა. ფრანგის დამოკიდებულებამ კი დიდი კლუბის ბანაკი გააღიზიანა.

ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა, რომ ზაფხულში ის უეჭველად დატოვებს „ატლეტიკოს” და იქვე გავრცელდა ხმა, რომ მისი გზა კვლავ კატალონიის დედაქალაქში მიდის.

ფრანგულმა „ეკიპმა” ოთხშაბათს ისიც კი დაწერა, თითქოს ფეხბურთელს და „ბლაუგრანას” შორის უკვე ყველაფერი მოლაპარაკებულია. მისი თქმით მხარეები ხუთწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის განმავლობაშიც გრიზმანი დაქვითვის შემდეგ წელიწადში 17 მილიონ ევროს მიიღებს.

თავის მხრივ „ბარსელონა” „ეკიპის” ცნობის დადასტურებას არ ჩქარობს, რადგან შეთანხმება ჯერ ქაღალდზე არ დაწერილა და ხელმოწერებით არ განმტკიცებულა. ანუ გრიზმანს კიდევ შეუძლია სხვა კლუბში გადასვლა.

ცნობილი გახდა, რომ ეს სხვა კლუბი არ იქნება „პარი სენ ჟერმენი”. პარიზელებმა განაცხადეს, რომ 28 წლის თავდამსხმელი არ აინტერესებთ.

გრიზმანის ყიდვას „ბარსელონას” დირექტორატშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მიზეზი: ისინი შარშანდელის გამო შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ამბობენ, თითქოს ფრანგს არც „კამპ ნოუს” გასახდელში მიესალმებიან.

გაზეთმა „სპორტმა” მოაწყო გულშემატკივართა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ქომაგების 66 პროცენტი გრიზმანის „ბარსაში” გადასვლას არ მიესალმება.

„ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა: „გულშემატკივართა უმეტესობას არ უნდა, რომ კლუბმა გრიზმანი იყიდოს. ამის მიზეზი სხვასთან ერთად მისი გაზვიადებული ფასიცაა. ვფიქრობ, ქვეყნად არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც გრიზმანზე არანაკლებ გააკეთებენ იმის, რაც თითქოს მხოლოდ მას შეუძლია გააკეთოს „კამპ ნოუზე”.”