„სარბიელი“ ტრადიციული გამოკითხვა იწყება. ანკეტები რესპოდენტებთან დაგზავნილია და საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც მალე გამოცხადდება.

ისევ როგორც შარშან, ჩვენი პარტნიორი ამჯერად კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც, ცხადია, დიდ მადლობას მოვახსენებთ.

„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ, 1992 წლიდან იღებს სათავეს, თუმც გარკვეული მიზეზების გამო 2008-2017 წლებში ის შეჩერებული გახლდათ. განვაახლეთ და „ლიდერბეთიც“ ჩვენს გვერდით დადგა. წლევანდელი გამოკითხვა კი რიგით მეთვრამეტეა.

შარშან, გამოკითხვაში, სარეკორდო – 80 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ქულების დარიცხვის სისტემა ძველებურად მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება და შედეგი (ვინ ვის მისცა ხმა) საჯარო ხდება.

ხმების აბსოლუტური უმრავლესობით შარშან გამოკითხვაში საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა საბა კვირკველიამ გაიმარჯვა, ვინც ჯამში 211 ხმა მოაგროვა. მას 80 დან 64-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.

მეორე ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია გახლდათ, ხოლო მესამე ადგილი მედიამ გიორგი ჩაკვეტაძეს არგუნა.

გამოკითხვა, სეზონის დასრულების შემდეგ იწყება, შედეგები „სარბიელის“ რედაქციაში ჯამდება, გამარჯვებული კი საგანგებოდ მისთვის დამზადებული პრიზით საზეიმო ვითარებაში ჯილდოვდება…

მორიგ დაჯილდოებამდე კი წარსულის სტატისტიკას წარმოგიდგენთ:

მაშ ასე, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვა. ყველა გამარჯვებული:

1992-93 – გიორგი ქინქლაძე (დინამო)
1993-94 – შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)
1994-95 – აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)
1995-96 – გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)
1996-97 – თემურ ქეცბაია (აეკ)
1997-98 – შოთა არველაძე (აიაქსი)
1998-99 – ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)
1999-2000 – ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)
2000-2001 – კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)
2001-2002 – კახა კალაძე (მილანი)
2002-2003 – კახა კალაძე (მილანი)
2003-2004 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2004-2005 – ლევან კობიაშვილი (შალკე)
2005-2006 – კახა კალაძე (მილანი)
2006-2007 – შოთა არველაძე (ალკმაარი)
2007-2008 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

2017-2018 – საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი)

ცალკე ტარდებოდა გამოკითხვა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ახალი კალენდრით ჩვენს შიდა ჩემპიონატში ჯერ კიდევ გაგანია სეზონია და საუკეთესო მობურთალზე არჩევანის გაკეთება მოუხერხებელი იქნება. წინა გამოკითხვათა სტატისტიკა კი ინებეთ.

გაზეთ „სარბიელის“გამოკითხვა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი:

1997-98 – დავით მუჯირი (დინამო) 1998-99 – რატი ალექსიძე (დინამო) 1999-2000 – ზურაბ იონანიძე (ტორპედო) 2000-2001 – ზაზა ზირაქიშვილი (დინამო) 2001-2002 – მალხაზ ასათიანი (ტორპედო) 2002-2003 – ზურაბ იონანიძე (ტორპედო) 2003-2004 – დავით კვირკველია (დინამო) 2004-2005 – ლევან მელქაძე (დინამო) 2005-2006 – ოთარ მარცვალაძე (ვიტ ჯორჯია) 2006-2007 – სანდრო იაშვილი (დინამო) 2007-2008 – გიორგი მერებაშვილი (დინამო)…