„მანჩესტერ სიტის” სწამს, რომ გაისადაც ყველა ინგლისური შეჯიბრების ფინალში გავა. პეპ გვარდიოლამ და მისმა გუნდმა ამთავითვე შეუკვეთეს „უემბლის” წინ მდებარე სასტუმროში ადგილები, თან სამჯერ. უფრო სწორად ოთხჯერ, მაგრამ ოთხიდან ერთი ფინალი ისედაც დაბევებული ჰქონდათ. ეს სასტუმრო „ჰილტონია”, სადაც „ქალაქელები” ხვალაც გაჩერდებიან — შაბათს, 18 მაისს, ხომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, „სიტი” „უოტფორდს” ხვდება.

ამრიგად, „მანჩესტერ სიტი” ინგლისურ ფეხბურთში წლობით აპირებს ბატონობას. გვარდიოლას ყოველი დღე აქედანვე დეტალურად აქვს გაწერილი და ამიტომაც შეაკვეთინა უემბლისწინა „ჰილტონში” კარგად დაცდილი ნომრები აგვისტოში „ქომუნითი შილდის” (ანუ სუპერთასის) და 2020 წელს ორი შეჯიბრების, „კარაბაოს” (ანუ ლიგის) თასის ფინალის და ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალისა და ფინალის წინ.

„სიტის” „ტრებლამდე” მიმდინარე სეზონშიც ხელის ერთი გაწვდენა აკლია: პრემიერლიგის ჩემპიონი უკვე არის, „კარაბაოს” თასსაც ფლობს, შაბათს კი, როგორც ზემოთ გითხარით, ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ელის გადამწყვეტი ბრძოლა. აქვე დავძინოთ, რომ შარშან 5 აგვისტოს „ქომუნითი შილდიც” „ქალაქელებმა” მოიგეს. საინტერესოა, რომ როგორც სუპერთასზე ასევე ლიგის თასზე „სიტიმ” „ჩელსის” აჯობა (2:0 და 1:0).

და კიდევ, გადაწყდა, რომ იმ ვიდეოჩანაწერის გამო, სადაც მანჩესტერელები „ლივერპულის” გამკენწლავ სიმღერებს მღერიან, კლუბს ფეხბურთის ასოციაცია არ დასჯის.