გადაწყვეტილი ამბავია. ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. ეს სიტყვები ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა რეალობაა – კლუბის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელის მიმართვა გავრცელდა ქომაგებისადმი, რომლებსაც მადლობას უხდის.
გრიზმანი „ატლეტიკოდან“ წასვლას ახალი ემოციების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას უკავშირებს. ჯერ არ თქმულა, რომელ გუნდში მიდის გრიზმანი, მაგრამ რად უნდა მკითხაობა? შარშან „ბარსელონა“ მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში იყო და სურვილი ჯერაც არ განელებია.
ამჟამად კონტრაქტში მითითებულია გრიზმანის გამოსასყიდი თანხა – 200 მილიონი ევრო. 1 ივლისიდან ეს თანხა ავტომატურად მცირდება 120 მილიონამდე და „ბარსა“ მყისიერად გადაიხდის.
120 მილიონიდან 20 პროცენტი გრიზმანის ყოფილ კლუბს – „სოსიედადს“ ერგება, საიდანაც მადრიდელებმა გრიზმანი 5 წლის წინ წაიყვანეს. 24 მილიონი ბასკებისთვის დიდი ფულია და სტადიონ „ანოეტას“ რეკონსტრუქციის ხარჯების ნახევარს დაფარავს.
ამბობენ, თავად გრიზმანს იმდენად სურს მესისთან წყვილში თამაში, თანახმაა ხელფასი 23-დან 16 მილიონ ევრომდე შეუმცირდესო.