რომის მასტერსის ანუ ოფიციალურად იტალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ლასლო ჯერე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. დრამატულ პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ 5:5-ზე ქართველმა ერთხელაც აართვა მეტოქეს მოწოდება და სეტი 7:5 მოიგო.

მეორე სეტის მე-5 გეიმში ნიკამ, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა აუღელვებლად მიიყვანა ფინალამდე – 7:5, 6:4.

მერვედფინალში ნიკას მეტოქე რაფა ნადალი უნდა იყოს. „იყოს“ იმიტომ, რომ ჯერ თავისი მეორე წრის შეხვედრა აქვს მოსაგები ფრანგ ჯერემი ჩარდისთან. რაფამ ამ სეზონზე გრუნტის საფარზე ჯერ არა თუ ტიტული ვერ მოიგო, ფინალსაც ვერ უწია და ვნახოთ, ამჯერად როგორ იქნება.

სატურნირო სტრატეგიიდან გამომდინარე ნიკას მეტოქედ ჩარდი კი გვიჯობს, მაგრამ რაფასთან ჭიდილს სულ სხვა ფასი აქვს. ბასილაშვილმა ჯერეს სახით სერბული ბარიერი გადალახა. არადა, შარშან ამავე ტურნირზე, ამავე მეორე წრეში დიად სერბთან – ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ანუ: ნიკამ შარშან მეორე წრეში გასვლისთვის მიღებული სარეიტინგო ქულები ხომ დაიცვა და ჯერესთან მოგებით კიდევ 45 წაუმატა.

გამოუშვით ნადალი!

წილი
წინა სტატიალიგის ფინალის არბიტრი ცნობილია
შემდეგი სტატიაგრიზმანი-მესი… უკვე ივლისიდან
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".