ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის” ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი” ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება.

დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის” დარღვევა დაუმტკიცა და ახლა სურს კლუბი ორი სატრანსფერო ფანჯრით დასაჯოს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „ჩელსი” „რეალისგან” მიღებულ 100 მილიონ გირვანქას ახალი ფეხბურთელების ყიდვაში ვერ გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში, „ლურჯებს” ცხადია მსოფლიო კლასის მოთამაშის შენარჩუნება ურჩევნიათ.

ინგლისური მას-მედია წერს, რომ აზარს „ჩელსისთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს. ესე იგი, ბელგიელს ერთ წელიწადში სადაც მოესურვება იქ შეუძლია წასვლა, ლონდონელები კი ფულს დაკარგავენ, მაგრამ თურმე კლუბი ამ ვარიანტსაც კი არ გამორიცხავს.

მაურიციო სარის გუნდი პრემიერლიგის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა და შემდეგი სეზონიდან წამყვანი მოთამაშეების გარეშე დარჩენა არ უნდა. მართალია, „ჩელსისთვის” აზარს ვერ შეედრება, მაგრამ გონსალო იგუაინიც კი მიდის. ის „სტემფორდ ბრიჯზე” „იუვენტუსს” იჯარით ჰყავდა გაშვებული და ახლა, სავარაუდოდ, უკან იბრუნებს.

„ჩელსი” ცნობილია იმით, რომ მის წინაშე დამსახურების მქონე ფეხბურთელებს ხელს უმართავს და როდესაც მათთან გაყრის დრო ახლოვდება, იმ კლუბებში უშვებს, საითკენაც ამ ფეხბურთელებს გული მიუწევთ. ასე მოხვდა პეტრ ჩეხი „არსენალში”, ხოლო ნემანია მატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში”.

28 წლის აზარი უკვე შვიდი წელიწადია რაც „ჩელსიში” თამაშობს.