უკმაყოფილება ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში დანიშვნის გამო აქამდეც იგრძნობოდა, მაგრამ ამას ახალი პრობლემები დაემატა.

უეფამ ფინალისტ კლუბებს მხოლოდ 6-6 ათასი ბილეთი გამოუყო. ბაქოს ოლიმპიური სტადიონი 70-ათასამდე მაყურებელს იტევს, მაგრამ აქედან მხოლოდ 64 ათასი ადგილი დაიტვირთება.

ფინალისტებისთვის გამოყოფილ სასაცილო კვოტაზე უკვე მოგახსენეთ. მათზე მეტს, 14 500 ბილეთს მიიღებენ უეფას სპონსორები, 37500 ბილეთი კი ნეიტრალურ მაყურებელზე გაიყიდება.

„არსენალმა“ ოფიციალურ განცხადებაში გამოხატა უკმაყოფილება: „ვამაყობთ, რომ აბონემენტის მფლობელი 45 ათასი ქომაგი გვყავს. ეს ის ხალხია, მთელი წლის განმავლობაში გვერდში რომ გვედგა, მათ შორის ევროპის ლიგის ფინალის გზაზე. დამამცირებლად ცოტა ბილეთის გამოყოფის შემდეგ ათასობით მათგანი ფინალის მიღმა დარჩება. აქტიურ კონსულტაციებში ვართ უეფასთან, კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით.“

უეფამ უკვე უპასუხა უარით: მეტი ბილეთის გამოყოფა უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ კლუბი ქომაგების ბაქომდე ტრანსფერს გაახერხებსო. არ არის სასაცილო? მაშ რაღად ნიშნავთ მატჩს ისეთ ადგილას, სადამდე ჩასვლაც თქვენივე აზრით, პრობლემურია? აქ უკვე პასუხი დემაგოგიურია – ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით.

კიდევ ერთი კითხვა უეფას: ნუთუ არ იცით, რომ ნეიტრალური მაყურებლისთვის გამოყოფილი 37500 ბილეთიდან ლომის წილი შავ ბაზარზე მოხვდება და ბაქომდე ჩასულ ინგლისელებს (მიაგნებენ როგორმე) ამ ბილეთების ყიდვა ათ და ოცმაგ ფასში მოუწევთ?! ზოგადად უეფას ჩვევია ნაკლებადლოგიკური ექსპერიმენტების ჩატარება. რატომღაც თვლიან, რომ საექსპერიმენტოდ ევროპის ლიგის და სუპერთასის გათამაშებები ზედგამოჭრილი ვარიანტია.

გაიხსენეთ, შარშანდელი სუპერთასის მატჩი. მადრიდის „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ ტალინის 15-ათასიან სტადიონზე ითამაშეს და თითოელმა მხარემ ფანებისთვის მხოლოდ 1500 ბილეთი მიიღო და შედეგიც გამოცნდა – ასეთი მომცრო სტადიონიც კი არ გაივსო.

ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებებით თავადვე უკარგავენ სუპერკლუბებს ევროპალიგაში თამაშის სურვილს?! ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგას ექსპერიმენტებით ვერავინ ეხება. მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გასამართი ფინალისთვის „ლივერპულმა“ და „ტოტენჰემმა“ 16613-16613 ბილეთი მიიღეს.

წილი
წინა სტატიამგონი, ზიდანი აიჭრა
შემდეგი სტატიატოჩი აღარ ხუმრობს
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".