„გაისმის მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალური სასტვენის ხმა, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისის დინამოელებმა…“ – განთქმული ქართველი კომენტატორის რუსულად წარმოთქმული ეს სიტყვები იყო პირველი ოფიციალური ნიშანი იმისა, რომ თბილისი აფეთქდებოდა.

„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში“, – კვლავ გადმოვაქართულებთ საზეიმო სიტყვას. დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ კაბინაში მჯდომი კოტე მახარაძე ალბათ ცხადლივ ხედავდა ღამის ქალაქში გამოგლეჯილ ფანჯრებს, წამში გავსებულ ქუჩებს, დაქოქილ და აკივლებულ მანქანებს, შინნაკეთ ტრანსპარანტებს და პეტ… არა, პეტარდები არ ყოფილა, მაშინ სხვა დრო იყო, პეტარდები არ იყიდებოდა, რადგან ძალიან დიდი სიხარულის გამოხატვა ამ გზით არ შეიძლებოდა.

კომენტატორი მთელი მატჩის განმავლობაში ხედავდა არა მხოლოდ ამაღელვებელ და საინტერესო ფეხბურთს, ნაღდ, ლამაზ, დაძაბულ, ნერვიულ თამაშს, არამედ „რაინშტადიონის“ ცარიელ ტრიბუნებსაც. იქ სულ ცხრა ათასი კაცი იჯდა. ევროთასის ფინალზე – ცხრა ათასი კაცი. თბილისიდან – უაღრესად „შეზღუდული კონტინგენტი“ (მაშინ, ავღანეთის ომის მსვლელობისას, ეს ცოცხალი და ყურსმიჩვეული ტერმინი იყო). ის ცარიელი ადგილები ჩვენი იყო. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, ეგებ შეგვევსო კიდეც ის ცარიელი ადგილები და ჩვენი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ღამეც გულშემატკივართა დიდ ნაწილს იმ შორეულ ქალაქში გაეტარებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი თბილისი იყო – სახალხო კარნავალის ადგილი.

„დარასელია, გეროი სავეცკავა საიუზა“! – იყვირა კაცმა მრგვალ ბაღთან. სხვა შეძახილი, სხვა აზრობრივად გამართული მოწოდება იმ ღამეს არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. იყო ღრიალი. ეს ღრიალი ბედნიერებას გამოხატავდა. ის ღამის სურათები დაუვიწყარია! არა იმიტომ, რომ ისინი განუმეორებელია (ასეთი რამ ყველა ქალაქში ხდება დიდი გამარჯვებისას), არამედ იმიტომ, რომ თბილისის „დინამოს“ საერთაშორისო გამარჯვება – ჩვენი გამარჯვება იყო. ეს იყო არარსებული ქვეყნის, არარსებული დედაქალაქის მართლაც არსებული საფეხბურთო კლუბის გამარჯვება! „დიდი გამარჯვება ქართული ფეხბურთისა“, – ამბობდა კომენტატორი – „არა მხოლოდ ქართულის, არამედ მთელი საბჭოთა ფეხბურთისა“… – ამბობდა კომენტატორი, იძულებული იყო წაემატებინა ეს სიტყვები, იძულებული იყო საბჭოთა ენაზე წაეყვანა რეპორტაჟი.

ჩვენც, ტელევიზორებთან მსხდომი მილიონები, იძულებულნი ვიყავით, ჩვენთვის გასაგებ, თუმცაღა უცხო ენაზე გვესმინა. მაგრამ ენა კარგავდა მნიშვნელობას, იმიტომ, რომ შეგრძნება აბსულუტურად ჩვენებური იყო. არარსებული ქვეყნის არარსებული ენა – ეს იგრძნობოდა. დღეს ძალიან იოლია – შეგიძლია ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ენაზე მოვისმინოთ ყველაფერი. მაშინ კი ერთადერთი შანსი გვქონდა. ერთადერთი შანსი ჰქონდა გუნდს და მის მხარდამჭერებსაც.

აქ შეიძლებოდა გრძნობებზე ლაპარაკი. რეალური გადმოცემა იმ ხმაურისა, ნაშუაღამევს რომ ატყდა თბილისში, შეიძლება გავიხსენოთ სტადიონის გაღებული ალაყაფი, ჩართული მუსიკა, მოედანზე გადმოგდებული ბურთი, ვიღაც კაცი ნერგით ხელში, იმ ნერგის შუა მოედანზე ჩარგვას რომ აპირებდა. მანქანებიდან გადმოკიდებული ბიჭები, თვითნაკეთი დროშები, საყვირები და ღრიალი, ღრიალი, შიგნიდან ამოვარდნილი ხმა ბედნიერებისა…

რა არის ბედნიერება?

ერთი წამიო, ამბობენ. ერთი წამი, ანუ ერთი ღამე. წამი, რომელიც მთელ ღამედ გაიწელება.

ძალიან ბევრი დრო გავიდა იმ ღამიდან. მეტი და მეტი დრო გადის და იმ დროის ამბავი სულ უფრო ძნელად მოსათხრობი ხდება. არა იმიტომ, რომ სურათები გაფერმკრთალდა, არამედ იმიტომ, რომ იმ სურათებმა, იმ ღამემ სხვაგვარი ელფერი შეიძინა, ერთადერთი, რასაც ელფერი არ შეცვლია და სხვაგვარად ვერ მოითხრობა – სწორედ ეს ბედნიერებაა.

საჭიროა იმ მატჩის აღწერა? ალბათ არა – ჩვენ, ერთი დიდი საგულშემატკივრო ბანაკი ქვეყნად ვიქეცით, უფრო სწორად წარმოვიდგინეთ, რომ გამარჯვებული და ბედნიერი ქვეყანა ვართ, ხალხი ვართ, მოგება შეგვიძლია. ეს ილუზია იყო, ერთი ღამის ილუზია. მაგრამ ფეხბურთს ეხერხება ასეთი ილუზიები, მით უმეტეს, არარსებულ ქვეყანაში, სადაც უცხოური ასანთის კოლოფიც კი ინტერესისა და ღრმა ფიქრების მიზეზი ხდება. მაგრამ ეს იყო არსებული გუნდი და ეს ღამეც ამ გუნდმა შექმნა. ეს გუნდი შემოდგომიდან მიიწევდა წინ. იგი თავად მივიდა ამ ღამემდე. ეს ბედნიერება იყო! ნამდვილი ბედნიერება ღრიალა ბანაკისა!

ერთ ძველ ამერიკელ მწერალს დაუწერია ასეთი მოთხრობა, რომელსაც „ღრიალა ბანაკის ბედნიერება“ ჰქვია. იქ აღწერილია ოქროს მაძიებელთა ბანაკის ისტორია. ეს ოქროსმაძიებლები უბედური, ილუზიური იმედის მადევარი, გულგატეხილი და უხეში ხალხია. მთელს მათ ბანაკში ერთადერთი ქალია და ეს ქალი კი ბავშვს აჩენს – ბანაკის ერთადერთ ბავშვს.

ბანაკი დიდად ვერ წვდება მომხდარის არსს, თუმცაღა ცხადად გრძნობს ბედნიერების, პასუხისმგებლობის, მოულოდნელი სიახლის სურნელს. ის ჩვენი საფეხბურთო ღამე, აკივლებული მანქანები და აღრიალებული ხალხი, დიდი საბჭოთა ქვეყნის პატარა სამხრეთული მიწისა, ჰგავს ღრიალა ბანაკს, სასურველია ვიფიქროთ, რომ ამ ბობოქარი და აფეთქებული ღამით, ქუჩაში გამოვარდნილმა ათასობით ადამიანმა ოქროზე ბევრად დიდი რაღაც აღმოაჩინა.

ეს „რაღაც“ უეჭველად გაქრებოდა. არ შეიძლებოდა არ გამქრალიყო – ქვეყანა და დრო იყო ეგეთი, მაგრამ ბედნიერებაც ხომ უამრავი სასიამოვნო მოვლენის თავშეყრის შედეგად წარმოიქმნება ხოლმე? წარმოიქმნება და გაანათებს. მაგრამ ბედნიერებას ელექტროსადგური ვერ გამოიმუშავებს და თუ მას უწერია იშვას, წინ ვერაფერი გადაეღობება, სრულიად ვერაფერი!

იმ ღამის ბედი ბეწვზე ეკიდა. დავიძინებდით მორიგი მარცხის შემდეგ და დილით „ლელოშიაც“ აღარ იქნებოდა ტელევიზორიდან გადაღებული ფოტოები.

ასე გამოვიდა, რომ რახან ჩვენ პირადად ქვეყანა არ ვიყავით, არც ის შეგვეძლო, რომ უცხოეთიდან ფოტო ჩვენებურ გაზეთში მოხვედრილიყო. იცით, როგორი ქვეყანა იყო? აი, მაგალითად ამბობდნენ, რომ არსებობს სიგარეტი „მარაბდა“, რომელსაც მხოლოდ ცეკაში ეწევიან. ჩვენს გუნდში იყო პარტკომი და კომსორგი. ხალხი ფეხბურთზე ლაპარაკობდა. მერე კი თქვეს, თქვენ რა ხალხი ხართ, ქვეყანა არ გქონიათ და ფეხბურთზე ლაპარაკობდითო, გაგაშტერეს ამ ფეხბურთითო. ვერ გაამტყუნებდი – ქუჩებში არ გამოვარდნილან. ვერ შეუერთდნენ ღრიალა ბანაკის ბედნიერებას.

ტაქსისტმა მითხრა ორი ღამის შემდეგ:

-„დინამო“ გაჭმევთ თქვენა?
უბადრუკი დრო იყო, ღამე კი – ბედნიერი!

ბედნიერი და განუმეორებელი. ის განცდა ცოცხალია – რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი, ღრიალა ბანაკისთვის. მის გარეთ კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

21.04.1999

წილი
წინა სტატიაჩემპიონატი ლანძღვით დამთავრდა
შემდეგი სტატიამოურინიუ – საუკეთესო აუტჩიკი
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.