„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ.

და როდესაც ბელგიელს სცენაზე ჯილდოები გადასცეს, იქვე ჰკითხეს, აპირებს თუ არა „ლურჯებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

„აბა, სად არის კალამი?”, — იკითხა აზარმა.

„ჩელსის” ფანებმა კი მყისვე გაავსეს სოციალური ქსელები ათასგვარი კომენტარით. ერთმა, მაგალითად, ონლაინ დაწერა:

„კაცი კალამს ითხოვს… მიეცით ეს ოხერი კალამი”.

მეორე: „ტანჯვა გრძელდება”.

მესამე, ნაკლებად ოპტიმისტურმა ქომაგმა კი ასე იფიქრა: „ახლა ის კიდევ ერთი წლით გაჩერდება, „რეალს” 100 მილიონ გირვანქას დაუზოგავს, ხოლო ჩვენ გაისად ორჯერ უფრო ძვირ კონტრაქტს გამოგვღლეტს”.

აზარმა კი დაჯილდოების ცერემონიალზე თქვა: „რაც „ჩელსის” ფეხბურთელი გავხდი, ფანებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. „სტემფორდ ბრიჯზე” თამაში უდიდეს სიამოვნებას მგვრის.

როდესაც ისეთი კლუბის სახელით გამოდიხარ, როგორიც „ჩელსია”, გინდა, რომ სეზონის ბოლოს დიდი ჯილდოები მოიგო. ახლა ამისი საუცხოო შანსი გვაქვს. ბაქოში ფანებთან ერთად გავემგზავრებით და ევროლიგის თასის მოსაგებად ვიბრძოლებთ”.

„ჩელსის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა კალუმ ჰადსონ-ოდოი, ხოლო აკადემიის საუკეთესო მოთამაშეა კონორ გალაჰერი.

ქალთა შორის დააჯილდოვეს ირინ კათბერტი და სოფი ინგლი, რომელმაც ფეხბურთელთა რჩეულის ჯილდო მიიღო.