მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს.

აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე არგენტინელმა უპასუხა:

„ყველაფრისთვის მზად ვარ. ერთადერთი, რისთვისაც არ ვარ მზად ახალი ეტაპის მოუმზადებლად, გეგმის გარეშე დაწყებაა. თან, მინდა ჩემი გეგმა გამჭვირვალე იყოს”.

ჟურნალისტებს გაახსენდათ, რომ „აიაქსთან” საპასუხო შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე პოჩეტინომ თქვა, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ (არადა, იმ მომენტისთვის შინ 0:1 ჰქონდა წაგებული) შეიძლება სულაც გადავდგეო.

შემდეგ „სფურზმა” ბოლოწამს გატანილი გოლის წყალობით „აიაქსი” შეჯიბრებას გამოთიშა და ფინალში გავიდა, სადაც 1 ივნისს „ლივერპულს” უნდა შეხვდეს. და 48 წლის მწვრთნელმა ისევ გაიმეორა წინადადება, სადაც მისი „ტოტენჰემიდან” წასვლაზე იყო ლაპარაკი:

„დიახ. თუ მოვიგებთ, მე წავალ. ის კი არა და, შეიძლება წაგების შემთხვევაშიც წავიდე”.

ერთი წლის წინ პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის საფასური 42,5 მილიონი გირვანქა იყო. ახლა მას უნდა დენიელ ლევის გეგმები იცოდეს დარჩენილი ოთხი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ სულშერის გამოჩენამდე პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ, ხოლო ის, რომ მის გადაბირებას „რეალიც” ცდილობდა, არგენტინელმა თავად არ დამალა.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ დიდ წარმატებას მივაწიეთ. სწორედ ამიტომ იყო ეს წლები ასე მნიშვნელოვანი. გასული პერიოდით ძალიან ვამაყობთ. მაგრამ, რა უნდა მოხდეს მომავალში? მომავალში რა იქნება? აი, ეს არის მთავარი კითხვა”, — თქვა „სფურზის” მწვრთნელმა.

მაურისიო პოჩეტინო, როელიც „ტოტენჰემში” 2014 წელს „საუთჰემპტონიდან” გადავიდა, ხვალ, „ევერტონთან”, შინ ფრედ მაინც თუ ითამაშებს, გახდება ის კაცი, რომელიც ლონდონის გუნდს ზედიზედ მეოთხედ შეიყვანს პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში. და ეს მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კლუბმა მას ახალი ფეხბურთელი არ უყიდა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელიწადს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშოთ და ამ სურვილს იმით ავხსნით, რომ გეგმა გვაქვს ასეთი, მაშინ სულ მცირე ეს გეგმა უნდა შევიმუშავოთ მაინც. და ის ალბათ საკმაოდ განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, გასულ ხუთ წელიწადში რომ გვქონდა.

თუ ჩვენ გვგონია, რომ ახლანდელი მიდგომით ყოველ წელიწადს გავალთ ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და პრემიერლიგის ოთხეულში, მაშინ ძალიან გულუბრყვილოები ვყოფილვართ. ამ გეგმით ისეთ პროექტებს, როგორებიცაა „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი” და მანჩესტერ იუნაიტედი”, ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევთ.

ის მაინც მჭირდება, ზუსტად ვიცოდე რა მიზნებისთვის ვიბრძვით, რათა ამის მიხედვით დავგეგმოთ მომავალს”.