დამიბრუნონ ჩემი 80 საათი, ან გადამიხადონ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია – თქვა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში იოზეფ ბლატერმა.

როგორც აღმოჩნდა, ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგროვებდა საათების კოლექციას. რადგან მარტოხელაა, არ უნდოდა კოლექციის დაცვისთვის დამატებითი ხარჯები გაეღო და მას ფიფას ოფისში ინახავდა.

პოსტიდან გადადგომის შემდეგ ზეპ ბლატერს პირადი ნივთების წაღების საშუალება არ ჰქონია. მოგვიანებით 120 საათი დაუბრუნეს და ხელწერილიც ჩამოართვეს.

დღეს კი ბლატერი აცხადებს, რომ დარჩა კიდევ 80 ეგზემპლარი, ყველა ცნობილი ბრენდის პროდუქტი და თითოეულის ფასი 5-დან 20 ათას დოლარამდე მერყეობს. მთლიანად დარჩენილი 80 ცალის ღირებულებად ბლატერმა 400 000 დოლარი დაასახელა…

იოზეფ ბლატერი ფიფას 1998-დან 2015 წლამდე ედგა სათავეში. 2015 წელს მან მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, მაგრამ რამდენიმე კორუფციული სკანდალის ფონზე არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ბლატერის წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი 2011 წელს მიშელ პლატინისთვის გადარიცხული 2 მილიონი შვეიცარული ფრანკი გახლდათ. ამ გადარიცხვას ბლატერმა დამაჯერებელი ახსნა ვერ მოუძებნა. ფიფას ეთიკის კომისიამ მას და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით ვადა 6 წლამდე შეუმცირა.

2021 წელს, როცა სასჯელის ვადა ამოიწურება, ბლატერი 85 წლის იქნება.