იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერაგენტი მინო რაიოლა სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
რაიოლა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო საქმოსანია. მისი კლიენტები არიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი, „მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, „აიაქსის” მცველი მატეის დე ლიხტი, „ლოს ანჯელეს გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბევრი სხვა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტის მსაჯულთა კომისიამ მინო რაიოლას გარდა დასაჯა მისი ძმა ვინჩენცო რაიოლაც, ოღონდ მის მიმართ შედარებით ლმობიერება გამოიჩინა და ორი თვით მოკვეთა.
ზემოთ პოლ პოგბა ვახსენეთ. ბოლოხანს რაიოლას კლიენტთაგან ყველაზე აქტუალური მისი ტრანსფერის საქმე იყო. ამბობენ, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” აპირებს გადასვლას.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მინო რაიოლას დისკვალიფიკაციის გამო მოკლე განცხადება კი გაავრცელა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია.