ოლე გუნარ სულშერმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს, სასწაული იქნებაო. ნორვეგიელი მწვრთნელის აზრით, ის 29 ქულა, რომელიც დღეს მის გუნდს „მანჩესტერ სიტისგან” აშორებს, ერთ წელიწადში ვერაფრით გაბათილდება.

ამრიგად, შემდეგი სეზონი საძირკვლის ჩაყრისა იქნება, წარმატებებზე კი „ოლდ ტრეფორდის” საზოგადოებამ მომდევნო წლებში უნდა იფიქროს.

სულშერმა თქვა: „ვფიქრობ, გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჯერჯერობით, განსხვავება ძალიან დიდია.

მომავალ სეზონში ჩამორჩენა უნდა შევამციროთ. თუ თებერვლისთვის შევძლებთ მოძლიერებას და მარტში ბრძოლაშიც ჩავებმებით, ძალიან კარგი იქნება, თუ არა და…”

სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედში” დეკემბერში მივიდა და შეიქმნა მყისიერი შთაბეჭდილება, რომ მის ხელში გუნდი უკვე გაისად იბრძოლებდა ტიტულისათვის. პირველი 17 შეხვედრიდან „იუნაიტედმა” 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, მაგრამ ბოლო 11 თამაშში მხოლოდ ორმა მოგებამ ყველა გამოიყვანა ილუზიიდან.

სულშერი: „დღევანდელობა ჩემი ფეხბურთელობის დროისგან ძალიან განსხვავდება. მაშინ ჩვენ და „არსენალი” ვჯობდით ყველას, შემდეგ „ჩელსი” შემოგვიერთდა. დღეს კი პრემიერლიგის ტიტულისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ჯგუფთან მოგვიწევს ბრძოლა.

ჩვენი ამოცანაა დავბრუნდეთ იქ, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკადრება. ყველანი, მწვრთნელები, ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები ვხვდებით, რომ ამ თვალსაზრისით მომავალი სეზონი არნახულ გამოწვევას გვპირდება. დიდი მნიშვნელობა ექნება სეზონისწინა შეკრების პირველსავე დღეს”.

შემდეგ კი „იუნაიტედის” თავკაცმა ილაპარაკა სატრანსფერო პოლიტიკაზე. მისი თქმით, „ოლდ ტრეფორდზე” ახალი, გამარჯვებებს მოწყურებული ფეხბურთელების შეკრებაა საჭირო.

„მომავალი სეზონი მნიშვნელოვანი იქნება იმ ფეხბურთელების შეგროვების თვალსაზრისითაც, რომლებიც აქ ბევრი წლის განმავლობაში უნდა დარჩნენ. ჩვენ მზა ფეხბურთელების გუნდი არასდროს ვყოფილვართ. აქ რომ მოვიდნენ, არც რონალდუ იყო ჩამოყალიბებული მოთამაშე და არც რუნი. ბევრი ფეხბურთელი სწორედ „ოლდ ტრეფორდზე” ჩამოყალიბდა მსოფლიო რანგის ვარსკვლავად.

ჩვენ საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საუკეთესო სტაფი გვყავს და ამიტომაც ვზრდით მაღალი დონის ფეხბურთელებს. მე ანალიზის დეპარტამენტთან ვიმუშავე და მოვინიშნეთ ის მოთამაშეები, ვინც მომავალშიც დაგვჭირდება. ამას, ალბათ, ახალწვეულებსაც დავამატებთ და ისე ჩავერთვებით ბრძოლაში”.