ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები პირველი ნომრებით არ არის წარმოდგენილი. სანამ პირველები მინსკის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ბაქოში ნაკრების მომავალი გაემგზავრა.
პირველივე დღეს და პირველივე წონაში ვერცხლი სულაც არაა ურიგო, მაგრამ თემურ ნოზაძის ვერცხლმა გული დაგვწყვიტა. ფინალამდე ჩვენებურმა მხოლოდ იპონებით იარა.
თემურმა გზიდან რიგრიგობით ჩამოიცილა ებრაელი ბენ დავიდი, ყაზახი მაგზან შამსადინი, რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე და მონღოლი ამარტუშინ დაშდავა
. ფინალში ნოზაძის მეტოქე ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი გახლდათ და ჩვენებურს ერთი შეცდომა ოქროს მედლის დაკარგვად დაუჯდა.
ბრაზილიელსაც ნუ დავუკარგავთ ჯაფას: მან მეოთხედფინალში კიდევ ერთი ჩვენებური ჯაბა პაპინაშვილიც დაგვიმარცხა. ჯაბა რეპეშაჟში კი გადაერთო, მაგრამ იქ ფრანგ ფალავანთან წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
66 წონით კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდა, რამაც საკმაოდ გაგვაკვირვა. იმედია, ძიუდოს ფედერაციას არგუმენტირებული ახსნა აქვს, ჩვენთვის ტერიტორიულად უახლოეს დიდ ტურნირზე რატომ „ჩავაგდეთ“ ერთი წონა.
შაბათს ტატამზე 73 და 81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ.