2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა…

პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი. დე ლიხტმა ნაკრებშიც დაიჯავშნა უკვე ადგილი და არავინ დავობს, რომ 19 წლის კაპიტანი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი მსუყე ლუკმა იქნება.

გასული წლის ბოლოს მისი აგენტი მინო რაიოლა გახდა, ვინც, მოგეხსენებათ ის კაცია, ფეხბურთელის გაყიდვისას მყიდველის ჯიბეში ჩარჩენილ თითოეულ ევროს პირად შეურაცხყოფად რომ აღიქვამს. სავარაუდოდ, რაიოლა ამჯერად „ბარსელონას“ გაატყავებს და დიდი შანსია, დე ლიხტი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდეს.

ტრანსფერის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ კატალონიელებმა უკვე შეიძინეს დე ლიხტის მეგობარი და თანაგუნდელი დე იონგი. მართალია, ბარსელონაში მინო რაიოლას ვერ იტანენ, მაგრამ პიკეს ასაკი ემატება და რა გინდა რომ ქნა?!

ჰოლანდიელის მეორე უმთავრესი მსურველი ტურინის „იუვენტუსია“. ბარძალის, კიელინის და ბონუჩის ჯამური ასაკი უკვე 103 წელია და გუნდს სასწრაფოდ სჭირდება ახალი სისხლი. თავად დე ლიხტი კატალონიისკენ იხრება და დე იონგის გარდა დამატებითი არგუმენტი ლუის სუარესია, ვისზეც „აიაქსში“ თამაშის პერიოდიდან აფანატებდა.

არადა, შეიძლებოდა მატეის დე ლიხტი ფეხბურთელი სულაც არ შემდგარიყო. ჯერ ერთი, ჩოგბურთი იტაცებდა და მეორეც – „აიაქსის“ სკაუტები დიდ ხანს ყოყმანობდნენ. მაღალი და კაფანდარა მატეისი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. კითხვები მას შემდეგ მოიხსნა, რაც მატეისს ვარჯიშზე მამამ მიაკითხა. მისი ფიგურის დამნახავი სკაუტები მიხვდნენ, რომ ბიჭუნას სამომავლოდ ამ მხრივ პრობლემები არ ექნებოდა.

პრობლემა არა, მაგრამ ერთი მინუსი კი ნამდვილად აქვს. დე ლიხტის მაღალი ტორსი შედარებით მოკლე ფეხებზე დგას. ამის გამო მატეისს ცუდი სასტარტო სისწრაფე აქვს. ეს თავადაც იცის და ამის გადაფარვას სხვა პლუსებით ახერხებს: ჩინებულია პოზიციურ ბრძოლაში, ტოლს არავის უდებს მეორე სართულზე და ორივე ფეხით თანაბრად შეუძლია თამაში და გუნდის უსწრაფესი კონტრშეტევის წამოწყება.

ზაფხულამდე დე ლიხტის შეძენის მსურველთა რიგი აუცილებლად გაიზრდება. ამ ბიჭს შეუძლია, ნებისმიერი კლუბის დაცვა თხუთმეტიოდე წლით ჩააბეტონოს.