დასანანი იყო „აიაქსი“… რომ არა დამატებული დროისთვის დამატებული წუთი, ამსტერდამელები ფინალში იყვნენ და ვერავის დასცდებოდა, რომ დაუმსახურებლად.

მერე უკვე „ტოტენჰემს“ შევიცოდებდით. ფინალში ლონდონელები გავიდნენ იმაზე არანაკლებ გიჟური ფეხბურთის ხარჯზე, ვიდრე ერთი დღით ადრე ვიხილეთ.

კიდევ ერთი მსგავსება ორ განმეორებით ნახევარფინალს შორის: ერთმა მწვრთნელმა აშკარად დაჩაგრა მეორე. არავითარი ლუკას მოურა. მატჩის გმირი მაურიციო პოჩეტინოა.

მოკლედ ვთქვათ, რატომ: პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგს „აიაქსის“ თამაშში არაფერი შეუცვლია. სიფრთხილის ჯავშანიც კი შეხსნა, რომელსაც ასე ვერ იტანენ მისი შეგირდები. ან რატომაც არა? პირველი მატჩის ჰანდიკაპი, მშობლიური „იოჰან კრუიფ არენა“ და ერთგული ქომაგი ცოტა არგუმენტია საიმისოდ, რომ შენთვის საყვარელ სტილში იბურთაო? თურმე, ცოტაა. მაურიციო პოჩეტინომ პირველ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ითამაშა და სანანებელი გაუხდა.

არგენტინელმა სწორი დასკვნები გამოიტანა მარცხიდან და ამჯერად 4-2-3-1 ამჯობინა.

პოჩეტინომ დეტალურად შეისწავლა მეტოქის პრესინგი და აღმოაჩინა, რომ ჰაკიმ ზიეჩი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. შესაბამისად, მასპინძელთა პრესინგისას ზიეჩი ასვლას აგვიანებდა და როუზი ფლანგზე დიდ თავისუფალ სივრცეს იღებდა. სწორედ როუზის ზონის გამოყენებით გამოდიოდა „ტოტენჰემი“ პრესინგიდან და პირიქით – მყის ცენტრში იღებდა რიცხობრივ უპირატესობას.

პოჩეტინომ დააფიქსირა მეკარე ონანას სისუსტე – ფეხით ცუდად თამაში. „ტოტენჰემის“ პრესინგისას სონი და ერიკსონი ცენტრალურ მცველებზე ადიოდნენ, მოურა ონანას უტევდა, გადაკეტილი იყო ცენტრი… თავისუფალი რჩებოდნენ განაპირა მცველები, მაგრამ ფეხით ცუდად თამაშის გამო ონანა შორეული დარტყმით ცენტრამდე ამოტანას ამჯობინებდა. მატჩის განმავლობაში მის მიერ 24-ჯერ ასე დარტყმულმა ბურთმა პარტნიორამდე 4-ჯერ მიაღწია.

რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა „აიაქსი“ მოკლე პასებით დაძლევდა ხოლმე პრესინგს და  ხიფათსაც მაშინვე ქმნიდა. ზიეჩის გოლი ამის დასტურია, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევები იყო.

ერიკ ტენ ჰაგის კიდევ ერთი შეცდომა: „აიაქსი“ პერსონალურად მეურვეობდა მეტოქის ცენტრალურ ნახევარმცველებს. საკმარისი იყო, სისოკოს ფლანგზე გაეტყუებინა დე იონგი და ცენტრში დელე ალი-ერიკსენის წყვილი შონესთან ორი ერთზე რჩებოდა.

პირველი ტაიმის 2:0 ობიექტურად ნამდვილად არ ასახავდა თამაშის სურათს, მაგრამ მეორეს საწყისი 15 წუთი ლონდონელებმა ფანტასტიურად ჩაატარეს. ამ მონაკვეთში მათი ბურთის ფლობის პროცენტი 77 იყო, კარში დარტყმების ანგარიში კი 6:0. მიმდინარე ლიგაში „აიაქსი“ ასე ჯერ არავის დაუჩაგრავს. აქაც პოჩეტინოს ხელი ერია. ჯერ ერთი, ერიკსენი საყრდენად დაწია და ასე შორს მისმა პერსონალურმა კონტროლმა აზრი დაკაგა. შეცვლაზე შესულმა ლორენტემ სეზონის კი არა, ეგებ კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა და დიდწილად განაპირობა თავისი გუნდის წარმატება. ერთი ტაიმის განმავლობაში მან 13–ჯერ მოიგო მეორე სართულზე ბრძოლა. რაც მთავარია, აშკარად მწვრთნელის დავალებით, მას მსხვერპლად კონკრეტულად ბლინდი ჰყავდა არჩეული, ყველა ჩაწოდებისას თავად პოულობდა არც თუ ტანმაღალ მეტოქეს, უმოწყალოდ ჩაგრავდა და თითქმის საერთოდ გათიშა თამაშიდან.

ზუსტად იყო გათვლილი ისიც, რომ ვერტიკალური ჩაწოდებებისას კარისკენ ზურგით მდგომი ლორენტე ფაქტობრივად უსარგებლოა და ლონდონელები მხოლოდ დიაგონალებს აწვდიდნენ.

კიდევ ერთხელ, ქებათაქება მაურიციო პოჩეტინოს. ბუნებრივია, ფეხბურთს ყოველთვის ახლავს გამართლების თუ ყისმათის მომენტი. არავინ იცის რა მოხდებოდა დამატებით დროში, ლუკას მოურას მესამე გოლისას ბურთი ძელს ისევე მოხვედროდა, როგორც ზიეჩის დარტყმისას.

მერე, როცა ცივი გონებით გადაავლებ თვალს, ხვდები, რომ გამართლებაშიც არის ლოგიკა და ყისმათსაც აქვს ახსნა. სეზონის ყველაზე მთავარ წარმატებას „ტოტენჰემმა“ ყველაზე დიდი ფეხბურთელის გარეშე მიაღწია.

ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე პოჩეტინოს, რომელსაც ისევ აჩნდა ცრემლების კვალი, სწორედ ჰარი კეინის შესახებ ჰკითხეს – ფინალში თუ დაგეხმარებათო.

– დღევანდელი თამაშის შემდეგ, ფიქრობთ, ეს ის კითხვაა, რომელიც აუცილებლად უნდა დაგესვათ? – კითხვა დააბრუნა არგენტინელმა.

ადრე, პეპ გვარდიოლამ „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის გუნდი უწოდა და მერე მოიბოდიშა, ცუდი არაფერი მიგულისხმიაო. კია, საბოდიშო, რადგან ჰარი კეინი სულაც არ არის „ტოტენჰემის“ მთავარი ვარსკვლავი. მთავარი ვარსკვლავი მაურიციო პოჩეტინოა – კაცი, რომელიც ხუთი წელია აშენებს და გუნდი ტრანსფერების გარეშე ახალ-ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.