„ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! „ლივერპულის” კვალდალვალ კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა ჩაიდინა სასწაული და ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე წარმოუდგენელი თამაში შემოატრიალა (2:3). ლონდონელთაგან სამივე გოლი 26 წლის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ გაიტანა. თან, მესამე — 96-ე წუთზე, მსაჯის წამატებულ დროში.
და „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუხლებზე დაეცა. მან ცრემლი ვერ შეიკავა. ხუმრობა ხომ არ არის, პირველი ტაიმის შემდეგ „აიაქსი” ორი შეხვედრის ჯამში 3:0-ს უგებდა. რჩებოდა 45 წუთი და სამგოლიანი ჩამორჩენა…
პოჩეტინოს ემოციის მოსათოკად და პრეს-კონფერენციაზე მისასვლელად დრო დასჭირდა. ფეხბურთელებთან ზეიმის შემდეგ, მან თავის ბიჭებს გმირები უწოდა.
„ჯერაც მიჭირს ლაპარაკი, — უთხრა არგენტინელმა ჟურნალისტებს, — გმადლობთ, ფეხბურთო! საოცარ ემოციას ვყავარ შეპყრობილი. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. მთელი წელიწადია, სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ: მე გუნდში გმირები მყავს! და დღეს მათ ყველას აჩვენეს, რომ ყვერებიანი ბიჭები არიან.
მეორე ტაიმი საოცრება იყო. ისევ და ისევ გმადლობთ, ფეხბურთო! გმადლობთ ასეთი ფანებისთვის, რომელთაც ჩვენი ბოლომდე სწამდათ. ამის მიღწევა ფანტასტიკური იყო. სიტყვები არ მყოფნის.
თამაშის წინ ვამბობდით, რომ როდესაც შენი საქმე გიყვარს, ეს სტრესი კი არა, ვნებაა! დღეს სწორედ ეს დავამტკიცეთ. ვფიქრობ, ორი თამაში, მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან” (3:4) და დღევანდელი, საოცარი იყო.
ასეთი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა, თუმცა მესმის, „აიაქსისთვის” რთული იქნებოდა. ამ შეჯიბრებაში, ამ ეტაპზე, ასეთი რამ ხდება ხოლმე. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მწვრთნელად ვმუშაობ, ჩემი პროფესია ფეხბურთია და დღეს ამ წუთებს განვიცდი”.
პოჩეტინომ არც ლუკას მოურას საგანგებო ქებისთვის დაიშურა სიტყვები.
„მორუა სუპერგმირია. ეს იყო დაუჯერებელი ჰეთ-თრიკი. ის დიდებული ბიჭია და ასეთ წარმატებას იმსახურებდა. დიდი მადლობა მას. ყველაფრისთვის, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და გადავიტანეთ, ჩვენ ამ სასწაულს ვიმსახურებდით. ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მხარს გვიჭერდა.
ახლა კი კვირისთვის, პრემიერლიგის ბოლო ტურისთვის უნდა მოვემზადოთ და მერე ჩემპიონთა ლიგის მადრიდულ ფინალზე უნდა გადავრთოთ მთელი ყურადღება”.