მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში…

პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ადამიანი-განსხვავება მოედანს როგორც სჩვევია, ისე არ დატყობია.

გთავაზობთ საპასუხო შეხვედრაში, „ენფილდ როუდზე”, ლეო მესის ნაჩვენები თამაშის სტატისტიკას:

ყველაზე მეტად ყურს ჭრის ის ფაქტი, რომ მესის 17-ჯერ წაართვეს ბურთი. ბარსელონელთაგან მასზე უარესი შედეგი მხოლოდ ჟორდი ალბას ჰქონია — 21 წართმევა.

სტატისტიკოსების აზრით, მესის მოკრძალებულ თამაშზე ჯარიმების რაოდენობაც მეტყველებს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მესის წინააღმდეგ მთელ შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ — 66-ე წუთზე. ეს ის ეპიზოდია, როდესაც ჯოელ მატიპს ყვითელი ბარათი ამოუღეს.

თუმცა, კარში დარტყმებით არგენტინელმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტად იყოჩაღა: ოთხი დარტყმიდან ორჯერ ჩარჩოში დაუმიზნა, ორჯერ კი ააცილა.

რაც შეეხება პასებს: „ბარსას” კაპიტანმა 35 სწორი პასი გადააწოდა, 6 შემთხვევაში კი ბურთი თანაგუნდელს ვერ მისცა.

ზოგადად, რასაკვირველია, ეს საღამო ლეო მესისთვის იღბლიანი არ იყო.

ისევე, როგორც მთელი „ბარსელონასთვის”, რომელმაც პირველ შეხვედრაში მოგებული 3:0 ვერ შეინარჩუნა და საპასუხოში 0:4 წააგო.