მადლობა „ლივერპულს“!
წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი.
გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“.
და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს ფეხებს რომ უბორკავს, მასპინძელს კი ფრთებს გამოასხამს ხოლმე. არსენ ვენგერმა ბრძანა: „ენფილდი“ ის სტადიონია, სადაც ყოველთვის ყველაზე ნაკლებად მსურდა სტუმრობა“.
ჰოდა, იფრინეს კლოპის ბიჭებმა. თითოეულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობის ზღვარზე ირბინა და ორი ტაიმის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა მეტოქეს.
კლოპმა მხოლოდ ორი ფეხბურთელი გამოარჩია – შაქირი და ორიჯი და ისიც იმიტომ, რომ ძირითადში იშვითად თამაშობენ, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში კი სხვების თანასწორად ზიდეს ტვირთი.
ჩვენდაწილად კლოპს ვეინალდუმის საიდუმლო იარაღად შემონახვა და საჭირო დროს მოედანზე შეშვება ვუქოთ – ათ წუთში კი არა, საერთოდ პირველი შემთხვევაა, როცა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორ წუთში წყვილი გოლი გაიტანა.
არადა, „ბარსელონამდე“ სამი დღით ადრე „ლივერპულს“ ურთულესი გასვლა ჰქონდა „ნიუკასლთან“. თავის მხრივ, უკვე ჩემპიონმა „ბარსელონამ“ პრიმერას ბოლო ტურში მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა. „ლივერპულს“ აკლდა ორი მთავარმეგოლე – რობი ფირმინო და მო სალაჰი. ამის მიუხედავად, მოხდა ის, რაც მოხდა.
2013 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ესპანური გუნდის გარეშე ჩაივლის. კონკრეტულად „ბარსელონაზე“ ერთსაც დავამატებდი: ბოლო სამი სეზონია, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სტუმრად თამაში ქრონიკულად უჭირს. სამ წელიწადში შვიდი ასეთი გასვლიდან კატალონიელებმა ერთადერთი მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს, ოთხი წააგეს და ორად-ორი გოლი გაიტანეს.
ვერ არის საკადრისი მაჩვენებელი.
წუხელვე გააკეთა კომენტარი ჟოზე მოურინიომ და იურგენ კლოპი ქებით ცამდე აიყვანა. გერმანელი მეოთხე სეზონს ატარებს „ლივერპულში“. პირველივე წელს გუნდი ევროპის თასის ფინალში გავიდა და იქ დამარცხდა. მეორე სეზონში რეფორმების გზაზე დამდგარი „ლივერპული“ ევროთასებზე საერთოდ არ თამაშობდა, შარშან კი ლიგის ფინალი და „რეალთან“ მარცხი იყო.
ეს კლოპის მესამე ლივერპულური ევროსეზონი და მესამე ფინალია.
მესამე და სამართალი?