სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება.

„ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ „ლივერპულს” ორი ქულით ჩამორჩებოდნენ. „მელიებმა” გვარდიოლას ბიჭებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს — 70-ე წუთამდე 0:0 იყო და სულაც არ ჩანდა გამორიცხული, რომ შეხვედრა შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო. და სწორედ ამ დროს, 33 წლის მცველმა ინიციატივა აიღო, გარისკა და მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები უყვიროდნენ პასი გადააწოდე, შენ თვითონ არ დაარტყაო, შორეული გასროლით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

თამაშის დასრულების შემდეგ სეხიო აგუერო პირველი მივიდა კომპანისთან სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლის მოსალოცად. სატელევიზიო კამერებმა დაიჭირეს, როგორ ეხუმრებოდა ის ბელგიელს: „ვინი, ხომ გეუბნებოდი არ დაარტყა, მეთქი! არა! არა!”

და თურმე აგუერო სულაც არ იყო ერთადერთი, ვინც ნატრულობდა, რომ კომპანი კარში დარტყმის ნაცვლად პასს გადააწოდებდა.

„ვუყურებდი და ვფიქრობდი: არ დაარტყა! არ გინდა! მან კი ალღო გამოიჩინა და ჩემს ფიქრებს არ დაუჯერა”, — თქვა მატჩის შემდეგ „სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

ეს გახლდათ ვინსენტ კომპანის პირველი გოლი საჯარიმოს გარედან 2007 წლის შემდეგ. 2007-ში ის „ჰამბურში” თამაშობდა და „ბრანს” გაუტანა.

„მესმოდა, როგორ მიყვიროდნენ: არ დაარტყა! არ დაარტყა! მინდა გითხრათ, რომ ჯერ ისე არ დავცემულვარ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა რომ დამიწყონ სწავლება, როდის დავარტყა და როდის არა. 15 წელია ხალხს ვეუბნებოდი, ერთ ასეთ გოლს აუცილებლად გავიტან, მეთქი. აკი გავიტანე კიდეც!”, — თქვა კომპანიმ.