სნუკერის სამყაროში გადატრიალება მოხდა: 29 წლის ინგლისელი ჯად ტრამპი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ მატჩში ბრისტოლელმა სნუკერისტმა ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა და მეორე ცდით შეიქნა მსოფლიოს ჩემპიონი. პირველი მცდელობა ტრამპს რვა წლის წინ ჰქონდა და მაშინაც ჰიგინსის პირისპირ დადგა ფინალურ მატჩში, თუმც გამოცდილმა შოტლანდიელმა მაშინ გაჭირვებით, 18:15 სძლია თავხედ ყმაწვილს… ახლა კი რევანში შედგა, თანაც როგორი… ფინალური მატჩის პირველი სესია დაძაბულად წარიმართა და 4:4 დასრულდა, გადამწყვეტი მეორე სესია გამოდგა, სადაც ტრამპმა უბრალოდ შემუსრა შოტლანდიელი – 8:1. მესამე მონაკვეთში ჰიგინსმა გაბრძოლება სცადა, თუმცა ტრამპმა აუღელვებლად შეინარჩუნა უპირატესობა და ბოლო, მეოთხე სესიას შვიდფორიანი მარაგით შეხვდა. საბოლოოდ ინგლისელმა 18:9 იმარჯვა და დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმა. ჰიგინსის უიღბლობა კი გრძელდება, მან ზედიზედ მესამე ფინალი წააგო, ტრამპი კი ტრიუმფმა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრად აქცია. პირველზე, რაღა თქმა უნდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, განუმეორებელი რონი ო’სალივანია.