კარაგერი და ნევილი ფეხბურთელობის წლებში

მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა…

კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს ოთახს, რომელსაც ეწერა „ლეგენდათა ლაუნჯი” ანუ ლეგენდათა მოსასვენებელი, თუ გნებავთ სასტუმრო ოთახი.

„გარი, შეხედე, ეს ლეგენდათა ლაუნჯია, — უთხრა კარაგერმა ნევილს.

„ჰო, ლეგენდათა ლაუნჯია”, — დაეთანხმა ნევილი.

„და შიგ არავინ არის”, — უცებ, მხიარულად დასძინა კარაგერმა.

ოთახი მართლაც ცარიელი იყო.

ატყდა სიცილი.

კარაგერის ირონიულ კომენტარს — გამოვიდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ლეგენდების ოთახი კი აქვს, მაგრამ ლეგედები არ ჰყავს და ამიტომ ოთახი ცარიელია — სოციალურ ქსელებში ფრიადი გამოხმაურება მოჰყვა.

„ლივერპულსა” და „მანჩესტერ იუნაიტედთან” შედარებით „სიტი” მართლაც ნაკლებად ტიტულოვანი კლუბია და ორ დიადს ვერც ვარსკვლავების რაოდენობით გაუტოლდება.

თუმცა… „ამათ სტივ ლომასი და გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ” — იქვე დასძინა კარაგერმა.

ორი ლეგენდა დაუთვალა 125 წლის კლუბს.