აქამდე ჩოგბურთის ისტორიას სულ ოთხი ისეთი ლეგენდა ჰყავდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე 250 და მეტი კვირა (ჯამურად) რომ აქვთ გატარებული.
დღეს პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ნოვაკ ჯოკოვიჩის 250-ე კვირა დაიწყო. ნოვაკის შედეგი ფენომენალურია პირველ რიგში ასაკის გამო: ის მხოლოდ 31 წლისაა და სულ მცირე, კიდევ ხუთი წელი მაინც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ფენომენალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ნოვაკმა ეს შედეგი როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის ეპოქაში გაახერხა. აქამდე 250 კვირაზე მეტი რეიტინგის მწვერვალზე გატარებული აქვთ: როჯერ ფედერერი – 310 პიტ სამპრასი – 286 ივან ლენდლი – 270 ჯიმი კონორსი – 268.
ტრავმამ და სხვამ თუ არ შეუშალა ხელი, ჯოკოვიჩი კონორსისა და ლენდლის შედეგს უკვე შემოდგომით გააუმჯობესებს, 2020 წლის მეორე ნახევრამდე კი სავარაუდოდ ჯერ სამპრასს და მერე ფედერერსაც მოიტოვებს.
ჯერჯერობით ნოვაკის პირველობას არაფერი ემუქრება. მისი უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ ნადალთან დაახლოებით 3500 ქულაა.