საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18).
60 დღე
ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ ჩაატარეს. შაბათს კი ლიდერ ბათუმის „დინამოს“ წყალტუბოში უმასპინძლეს.
თამაშიც კარგი საცქერი გამოდგა. ნახევარი საათის თავზე „ტორპედო“ ნოდარ ქავთარაძის დუბლით უგებდა, მაგრამ ზღვისპირელებმა კიდევ ერხელ დაამტკიცეს, რომ დანებება არ ჩვევიათ. ნიკოლოზ საბანაძემ (პენალტით) და ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა 62-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს.
ვითარება დაიძაბა, მაყურებელიც უფრო ახმაურდა. მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა მაინც იძალეს, ბუდუ ზივზივაძის თავური გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ახლა ქუთაისელები ლიდერს ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა „საბურთალოს“ ამ ტურში „ლოკომოტივთან“ კიდევ სათამაშო აქვს.
ბათუმელები კი რვა წაუგებელი შეხვედრის შემდეგ, პირველად დამარცხდნენ და ისევ „ტორპედოსთან.“ იმ წაგებიდან ზუსტად 60 დღე გასულიყო.
დინამოს რევანში
თბილისის „დინამომ“ ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ, „სიონს“ მოულოდნელად იოლად სძლია და პირველ წრეში, ბოლნისში დამარცხებისთვის (1:2) რევანში აიღო. თბილისელთაგან ორი ბურთი ლევან კუტალიამ გაიტანა. ეს მიმდინაე სეზონის მე-12 დუბლი გახლდათ.
რუსთავის პირველი
დღის გვიანი შეხვედრა ფანტასტიკური გამოდგა. 27-ე წუთისთვის „ვოტ ჯორჯია“ „რუსთავს“ 2:0 უგებდა, მაგრამ სტუმრებმა სასწაული მოახდინეს და სამი საპასუხო ბურთი გაუტანეს ვიტელებს.
ერთი კია, თავსხმა წვიმა იყო და მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორი ისე დამძიმდა, ისეთი გუბეები დადგა, ბურთი ძლივსღა მოძრაობდა. დრენაჟის პრობლემაც აშკარად გამოჩნდა.
პირველი საპასუხო ბურთი ნიკოლაი ყიფიანმა გაიტანა, მეტოქის მეკარე – კაპიტნის ჯონი შეროზიას შეცდომის კვალად, თუმცა ეს შეცდომა შესაძლოა, სწორედ უსაშველოდ სველი მინდვრის ბრალიც ყოფილიყო.
ყიფიანი შეხვედრის ბოლო წუთზეც მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა ანგარიში 2:2 იყო. ის კონტრშეტევისას შეროზიამ წააქცია საჯარიმოში და პენალტის შესრულებაც თავად გადაწყვიტა. დაარტყა და მეკარემ აუღო, თუმცა გამოვარდნილ ბურთზე ყველას როსტოველმა ახალწვეულმა, ფარხად გისტაროვმა დაასწრო და რუსთაველებს ნანატრი პირველი გამარჯვება მოუტანა.
გისტაროვის არ იყოს, ყიფიანიც რუსეთის მოქალაქეა. 22 წლისაა და თბილისშია დაბადებული. თუმცა, მერე ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და ნიკოლაიმაც ცნობილი მეკარის, რინატ დასაევის აკადემიაში დაიწყო ვარჯიში. მერე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ. კვიპროსის გუნდებშიც სცადა ბედი და ამ სეზონის წინ რუსთაველთა რიგებში ჩაირიცხა.
საინტერესო ფეხბურთელია და შაბათს გამოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდას დიდი პოტენციალი აქვს.
ტორპედო – ბათუმი 3:2
1:0, 2:0 ქავთარაძე (3, 28), 2:1 საბანაძე (45+1, პენ), 2:2 ფლამარიონი (62), 3:2 ზივზივაძე (80)
დინამო – სიონი 5:1
1:0 კუტალია (3), პაპავა (25), 2:1 ისიანი (27), 3:1 კუტალია (60), 4:1 ქარდავა (85), 5:1 მონხილი (90+1)
ვიტ ჯორჯია – რუსთავი 2:3
1:0 კაკაშვილი (2), 2:0 გეთიაშვილი (28), 2:1 ყიფიანი (76), 2:2 სილაგაძე (83), 2:3 გისტაროვი (90+1)
90+1 წუთზე ყიფიანმა ვერ გაიტანა პენალტი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
კვირას, 5 მაისს:
დილა – ჩიხურა (19:00), საბურთალო – ლოკომოტივი (21:00)
მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო) – 7, ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო) – 6