მადრიდის მასტერსზე სუსტებს არაფერი ესაქმებათ. იქაურ თიხნარზე 56 საუკეთესო მეჩოგნე გავა. ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია, პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ფრენსის ტიაფო ერგო.

21 წლის ამერიკელი რეიტინგში 31-ე გახლავთ. თუ ამ ბარიერს გადალახავს, ნიკას ფილიპ კოლშრაიბერის (41) და მიხაილ კუკუშკინის (40) დუელში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.

უფრო შორს გახედვა ალბათ ადრეა, მაგრამ სულმა წაგვძლია: ორი წრის გავლის შემთხვევაში მერვედფინალში მეტოქე მადრიდული ტურნირის რეალური მასპინძელი და მეფე – რაფა ნადალი იქნება.

აკი ერთხელ უკვე მიიღო ნიკამ რაფასგან დამსახურებული კომპლიმენტები. კიდევ ვცადოთ.

ტურნირის საპრიზო ფონდი წელს კიდევ 11%-ით გაიზარდა და 6 536 160 აშშ დოლარს შეადგენს.