საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი.

ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად.

მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს მტკიცება, რომ საშუალო ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები გამოდიან და ამის საბუთად მახსენდება სიტყვები ბობ პეისლის ნეკროლოგიდან, „უორლდ სოკერმა“ რომ დაბეჭდა: „ბობმა „ლივერპულის“ უბრალო ნახევარმცველის მაისური გაიხადა და მწვრთნელთა სკამზე გადაინაცვლა, რათა უკვდავ ვინმედ ქცეულიყო”.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ პირიქით მაგალითებიც ბევრია – კაიზერი ფრანცი მსოფლიოს ჩემპიონი შეიქნა მოთამაშედაც და გუნდის თავკაცადაც, ხოლო გრემ ტეილორი როგორც იყო უფერო ფეხბურთელი, ისეთ უფერო მწვრთნელადაც დარჩა.

ამიტომ ვამბობ, რომ მწვრთნელობა დიდი საიდუმლოა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, როგორი ფეხბურთელი იყავი, შესაძლოა, შენ როგორც ფეხბურთელმა ვერ დაიქუხე კონტინენტური მაშტაბით, მაგრამ მწვრთნელობაში დიდი ამბები დაატრიალო, ისე, როგორც ფაბიო კაპელომ. ვის ახსოვდა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის მათხოვარი ნაკრების მცველი, იუვენტუსში მოხუც პროფესორად წოდებული კაპელო? ის კრუიფის ჩემპიონატი იყო, დღეს საუცხოო, ახირებული და რომანტიკოსი მწვრთნელისა. აიღო ფაბიომ და ბდღვირი გაადინა კრუიფს.

მწვრთნელობა სულ სხვა რამ არის, ვიდრე ფეხბურთელობა. ასე მგონია, რომ ამ ორ პროფესიას მხოლოდ მინდორი აკავშირებს.

არიან დიდი და საუცხოო მწვრთნელები, ფეხბურთი საერთოდ რომ არ უთამაშიათ. ჟოაო სალდანია ჟურნალისტი იყო, ეს ყბადაღებული საკი ვეტერინარი და გამყიდველი მამამისის მაღაზიაში, ხოლო სქოთთა ახლანდელი, ალბათ საუკეთესო მწვრთნელი კრეიგ ბრაუნი ფიზკულტურის მასწავლებელი. მიდი ახლა და გაიგე.

მიდი და გაიგე, რატომ არის, რომ კაცი, რომელიც საკმაო საფეხბურთო ინტელექტს ფლობდა, როგორც ფეხბურთელი მეტად უბრალო მწვრთნელი, ან პირიქით, ძალიან კარგი მწვრთნელი გამოდის ხოლმე.

არა, არა, მწვრთნელობა ჭეშმარიტად საიდუმლოა.

დანიელ პასარელა ვაჟკაცობის, კლასის, მოუღლელობის მაგალითი იყო მინდორზე, ის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ნაკრების მწვრთნელი რომ შეიქმნა, ფეხბურთელებს დაერია და თმის სიგრძის ზომვა დაიწყო. მისი მწვრთნელობის შედეგი სავალალოა.

ასე მგონია, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთელია. ბოლოს და ბოლოს ის მოედნის ტყვეა, ხაზს იქეთ ერთი უბრალო ბიჭია და შეიძლება, ქუჩაში ვერც კი იცნო, მწვრთნელი კი, მწვრთნელი ეს ყველაფერია. მისი ფიქრები ბევრად უფრო რთული და მძიმეა, ვიდრე ფეხბურთელისა, ტვინისა და აზრის მარაგი, მოედანზე რომ საუცხოო რამედ გამოიყურება, მწვრთნელობაში სრულიადაც არ არის საკმარისი.

ერთი საქმეა, როცა კარგად ურტყამ და მოძრაობ მოედანზე, მეორე კი, როცა ასწავლი კაცს, როდის, როგორ და რანაირად დაარტყას, როგორ იმოძრაოს და სად დადგეს.

აი, სტენლი მეტიუზი იგონებს, ბიჭობაში კარის შორიახლოდან უხერხულად დავარტყი და ბურთი გოლს ავაცილეო. თამაშის შემდეგ მამაჩემი დამხვდა მოედნის კიდეზე და მითხრა, ახლა წადი და იმ ადგილიდან, საიდანაც კარს ააცილე, ასჯერ მაინც დაარტყი კარშიო, დავარტყი და შინ გვიან ღამით დავბრუნდითო, იხსენებს სერ სტენლი. მამამ კი მითხრა, ასეა ფეხბურთი, შრომა და ფიქრია, სხვანაირად არ გამოვაო.

მეტიუზის მამა ერთი უბრალო დალაქი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, მწვრთნელობისა და ფეხბურთის ბევრი რამ გაეგებოდა.

21.12.1996