ჟოზე მოურინიუმ მესიზე თქვა ფეხბურთის ღმერთიაო. ბევრისთვის „რეალის” ყოფილი მწვრთნელისგან მესის ასეთი ქება ალბათ მოულოდნელია. გეხსომებათ, რა დაძაბული იყო ურთიერთობა „რეალსა” და „ბარსელონას” შორის სწორედ მოურინიუს პერიოდში, რაშიც პორტუგალიელს დიდი წვლილი მიუძღოდა.

მოურინიუმ, რომელმაც „ჩელსიში” მუშაობის დროს თავს „განსაკუთრებული” უწოდა, არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონასა” და „ლივერპულის” (3:0) ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ აქო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მესიმ ორი გოლი გაიტანა — ჯერ ხარიხიდან ჩამოვარდნილ ბურთს დაამატა და შემდეგ უბადლოდ შეასრულა ჯარიმა.

ამ შეხვედრაში უცნაური ის იყო, რომ „ლივერპულმა” „ბარსელონას” ბურთის ფლობაში აჯობა — მერსისაიდელთა მაჩვენებელი 53% გახლდათ. მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისური გუნდის ასეთი თამაში „ბარსელონამ” ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის, უპირველეს ყოვლისა კი მესის წყალობით გადაწონა.

„ლივერპულელებმა ყოჩაღი ფეხბურთი ითამაშეს. არა მგონია ბოლო 20 წელიწადში, ჩემპიონთა ლიგაში, „ბარსელონასთვის” ბურთის ფლობაში ბევრ გუნდს ეჯობნა. მაგრამ სხვაობა ფეხბურთის ღმერთმა განაპირობა. რასაკვვირველია, „ბარსას” კარგი გუნდი და ფენომენალური მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ის ერთი წარმოუდგენელია”.

არადა, გახსოვთ, როგორ უპასუხა „განსაკუთრებულმა” კატალონიელ ჟურნალისტს წლების წინ, როდესაც „ბარსელონამ” „სტემფორდ ბრიჯზე” მის „ჩელსის” 2:1 მოუგო? მაშინ ასიერ დელ ორნოს გაძევებასთან დაკავშირებულმა ეპიზოდმა გამოიწვია დიდი ხმაური.

„კატალონიურად აფერისტობა როგორ არის?, — იკითხა მოურინიუმ და დასძინა, — ბარსელონა კულტურული ქალაქია, ბევრი თეატრით, და როგორც ჩანს ამ ბიჭმა (მესიმ) მსახიობის ოსტატობა კარგად შეისწავლა”.